იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის სანახავად კლინიკა „ვივამედში“ მივიდა
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კლინიკა „ვივამედში“ მივიდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს.
როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, სააკაშვილისგან აინტერესებს, როგორ უყურებს ის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ზოგადად, მიმდინარე მოვლენებს.
„უპირველესად, მოლოდინი მაქვს სერიოზული საუბრის იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და რა არის მის ინტერესებში. მეორე – მინდა, გავიგო, როგორ უყურებს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ამ მოვლენებს, რაც ხდება ქვეყანაში და რა წარმოუდგენია ოპტიმალურ გამოსავლად, მისი თვალით დანახული და მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგადად, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მე ბევრჯერ ვცადე, გამეგო „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია და ის მუდამ ბუნდოვანია, ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, ამიტომ რადგან არის საშუალება თან გავიცნო ბატონი პრეზიდენტი და თან მისი მოსაზრება გავიგო, ვუთხრა, როგორ წარმომიდგენია მისი გათავისუფლება რაღაცნაირად ციხიდან, მგონია, ამის დრო მოვიდა.
მინდა ვუთხრა, რომ სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები, საქართველოს ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს უკრაინაში იმის სანაცვლოდ, რომ აქ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის თანხმობაც იქნება იმაზე, რომ ჩვენ ის პირობები შევასრულეთ, რომლებიც ევროპელებმა წამოგვიყენეს.
ბევრს აინტერესებს და მეც მაინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნება შემაშფოთებელი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.