იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოში
მიხეილ სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია გამოეხმაურა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს, სადაც კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ინტერვიუ ჩაწერილია, ვიდრე „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოქალაქეების მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, რის გამოც მისი განცხადება, შესაძლოა, დღეს ცოტა სხვანაირად იკითხებოდეს.
„მგონი, ინტერვიუ ჩაწერილია იქამდე, ვიდრე მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, ამიტომ მისი ტექსტი დღეს, შეიძლება, ცოტა სხვანაირად იკითხებოდეს. მაინც ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვების მოთხოვნა მიტინგის დაშლის ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის საკითხი უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე, ვთქვათ, ის კონკრეტული ამოცანები, რომლებიც ახლა ჩვენ გვაქვს გადასაჭრელი. მგონი, ასეთი თემების ერთმანეთში არევა უპრიანი არ იქნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, როგორ შეიძლება იქნას გაგებული მერაბიშვილის ინტერვიუ დღეს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:
„უბრალოდ, რაღაც ნაწილი საერთოდ უნდა დავივიწყოთ, რადგან ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც დაიძაბება სიტუაცია იმის გამო, რომ „ქოცები“ დათმობაზე არ წავლენ. ამიტომ ამ ნაწილზე დღეს მსჯელობა რელევანტური არ არის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.