იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა
რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მიშა იჯდეს „ვივამედში“ თუ დასავლეთთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა? – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მე აბსოლუტურ ძალას არ ვანიჭებ. მას არ გააჩნია ასეთი ძალა, რადგან ნაკლებად მკაფიო საგარეო პოლიტიკა აქვს ზოგადად ეროკავშირს ამ თვალსაზრისით, თუ გაფართოებას ან რაღაც ასეთს არ ეხება. უფრო მნიშვნელოვანი ამერიკელების პოზიცია იქნება, რომელიც ჯერ საერთოდ არ დაწყებულა, მაგრამ არავინ არ ელოდება, რომ ის ევროპაზე ნაკლებად მძიმე იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ევროპარლამენტართა მითითების გამო, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია და, მათ შორის, „გირჩი“ გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და ამისთვის ევროპარლამენართა მითითება არ სჭირდება.
მისი თქმით, სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს.
„ნაფიცი მსაჯულების ფორმა იქნება, არჩევითი მოსამართლე თუ სხვა, სხვა ვიღაცამ უნდა გაასამართლოს და არა იმ სისულელეებზე, არამედ იმაზე, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა და ისევ იქ რომ ვართ, რითიც დაიწყო. აი, ამისთვის არის გასასამართლებელი. ეს სასამართლო თავისი შინაარსით მორალური სასამართლო უნდა იყოს, პოლიტიკური და არა ეს აბსურდი, რაც გამოიხატება იმაში, რომ შენ თვითონ დანიშნე მოსამართლე ოპონენტების დასასჯელად, მერე იმ ოპონენტებმა გაჯობეს და შენ მიერ დანიშნულ მოსამართლეს შენს თავს ასჯევინებს. თუ მიშას ვასამართლებთ, ჯერ მართლა სასამართლო შევქმნათ, ვისაც გასამართლება შეუძლია და მერე ვილაპარაკოთ. ცხრა მილიონი რამდენს მოუპარავს ამ ქვეყანაში? ეგ რა პრობლემაა? ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვა ბევრად ნაკლები პრობლემაა, ვიდრე შეიძლება, მიშასთან პრეტენზია მქონდეს. მიშას ცხრა მილიონი რომ ჰქონდეს მარტო ნაჭამი, მადლობას ვეტყოდი, რომ თურმე პრეზიდენტად ძალიან იაფად მოგვმსახურებია კაცი, როდესაც ამხელა ძალაუფლება ჰქონდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე სტრასბურგის გადაწყვეტილებები შეახსენა, რაზეც იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ცხრა მოსამართლეა, ასიათასობით საქმე შედის და რიცხვების თანაფარდობას თუ შევხედავთ, შეუძლებელია, ქვეყნის შიდა მართლმსაჯულება სტრასბურგის სასამართლოს იმედად იდგეს.
„იმიტომ, რომ ის საერთოდ სხვა რამეს ნიშნავს და იქ ბევრი საქმე, უბრალოდ, არ მიიღება. ჩვენ გვაქვს მურუსიძის სასამართლო და სტრასბურგით ვერ ვუშველით ამას“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მსგავსი და უფრო მკაცრი კანონების არსებობა იმავე აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში და რატომ არ შეიძლება ის საქართველოსთვის, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ, თავისი პოლიტიკური რწმენიდან გამომდინარე, FARA-ს ტიპის კანონს არსად არ ეთანხმება, რადგან ეს არის სიტყვის დახშობის ინსტრუმენტი.
შეკითხვაზე, რატომ უწოდებს ოპოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროეტს რუსულ კანონს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას აქვს ზუსტი პასუხი, თუ რატომ არის ინიცირებული კანონპროექტი რუსული.
„რა არის ერთნაირი? პირველი არის სუბიექტები, ვიზეც ვრცელდება, საქმიანობა, რაზეც ვრცელდება და მსუსხავი ეფექტი მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ ასევე აღნიშნა, რომ, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერის მიზანი იმაში მდგმარეობს, რომ თუ ბოლო ათი წლის ისტორიას დავაკვირდებით, ჩამოყალიბდა ამერიკული გავლენის წყაროებთან და წერტილებთან ბრძოლის ტრადიცია.
„ამერიკული გავლენის წერტილები არის, მათ შორის, ენჯეოსექტორიც, რითიც ისინი ინფორმაციას და იდეებს ავრცელებენ. ყველგან, სადაც ეს რუსეთის მერე დაინერგა, შუა აზიაში, აფხაზეთშიც მიდის ამასთან დაკავშირებით საუბარი და ყაზახეთშიც იყო, არის ერთი კონტექსტი. ამერიკული „ენჯეოების“, ანუ დამოუკიდებელი ფულის წყაროების ჩახშობა, რომელსაც ვერტიკალი იმწუთას რაღაცნაირად ვერ აკონტროლებს. ეს მიზანია ყველგან. აბა, როგორ შეიძლება, ევროპარლამენტი რეზოლუციას იღებდეს რაღაც სულელურ კანონზე? ასე ხომ არ ხდება? მთელმა სამყარომ იცის ამ ტიპის კანონებს რა ჰქვია, როგორც წესი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ზოგადად, „ენჯეოებს“ ყველაფერი შეიძლება დააბრალო და მათ ბევრი ცუდი საქმე აქვთ გაკეთებული, მაგრამ იმის თქმა, რომ „ენჯეოებს“ გამჭვირვალობის პრობლემა აქვთ, არის ცინიკური.