იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს თუ უთვალთვალებდა, ეს პირდაპირ კავშირში ვერ იქნება აფეთქებასთან
პროკურატურისთვის და ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, რაც გივი თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქმესთან რა კავშირშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმდენად ახირებული ადამიანია, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ 2016 წელს კაცს ქირაობს, რა კავშირშია კრიმინალთან, რომელსაც ვიძიებთ.
„პროკურატურისთვის და ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია, რომ სააკაშვილი უთვალთვალებდა გივი თარგამაძეს, რაც გივი თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება, ამის დამამტკიცებელი საბუთი ვერ იქნება. მგონია, ამ „ნიუსის“ გამოფენის მიზანია, აჩვენონ, რომ სააკაშვილი ისეთი უცნაური იყო, რომ 2016 წელს გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ადამიანი დაიქირავა. მტკიცებულება თუ არ გაქვს, რომ ამ თვალთვალის შემდეგი ნაბიჯი ბომბის დამონტაჟება იყო, რა კავშირშია ადამიანის აფეთქებასთან, რომ ვიღაც უცნაური პირი სრულიად უცნაური გარემოებებით უთვალთვალებდა, მე ეს კავშირი ვერ დავინახე. საქმესთან რა კავშირშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იმდენად ახირებული ადამიანია, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ 2016 წელს კაცს ქირაობს. რა კავშირშია იმასთან, რომ ვიღაცამ გივი თარგამაძის მოკვლა სცადა. 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს პოლიტიკურად თუ არ ენდობოდა, რა კავშირშია კრიმინალთან, რომელსაც ვიძიებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, აღნიშნული თემის წინ წამოწევა, შეიძლება ნიშნავდეს, რომ მმართველ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შუღლის დათესვა სურს.
„მაგრამ როდესაც სახელმწიფო ხარ და ყველაფერი შენს ხელშია, საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია აცხადებს,რომ გაუჭირდება თქვას, ვისთან შეიძლება ყოფილიყო კავშირში გივი თარგამაძე 2016 წელს და ღალატობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს.
„არც ერთი გამიკვირდება და არც მეორე, მიხეილ სააკაშვილს ხშირად ღალატობენ. ვინაიდან გივი თარგამაძის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს და სათანადოდ არ ვიცნობ, მას ვერაფერს დავაბრალებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს, ამიტომ 2016 წელს მისი კონტროლი და თვალთვალი დაავალა შოთა ჭიჭიაშვილს, რომელმაც საქმეში, თავის მხრივ, დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო.
ცნობისთვის, 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს.