იაგო ხვიჩია - მგონი, ბატონი ხაზარაძე პოლიტიკიდან მიდის და ამისთვის პრელუდიებია საჭირო, ვფიქრობ, „ლელო“ უკვე მიხვდა, რომ პოლიტიკა არ არის მათი წარმატების ადგილი
მე მგონი, ბატონი ხაზარაძე პოლიტიკიდან მიდის და ამისთვის პრელუდიებია საჭირო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც „ლელოს“ თავმჯდომარე ამბობს: „ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია“.
ხვიჩას თქმით, „ლელო“ უკვე მიხვდა, რომ პოლიტიკა არ არის მათი წარმატების ადგილი.
„მე მგონი, ბატონი ხაზარაძე პოლიტიკიდან მიდის და ასე ემშვიდობება პოლიტიკას. პოლიტიკიდან მთლად უცბად ვერ წავა და ამისთვის ასეთი ტიპის პრელუდიებია საჭირო. ლოგიკურად ასე მეჩვენება, რადგან მე მგონია, რომ „ლელო“ უკვე მიხვდა, პოლიტიკა არ არის მათი წარმატების ადგილი. მე მგონი, არც კვალიფიკაციის ამაღლებას აქვს ადგილი, რომ მომავალში პერსპექტივები ჩანდეს. გონიერი ხალხია, რამდენიმე მილიონს დახარჯავენ და ღირსეულად გავლენ პოლიტიკიდან. 2024 წლის არჩევნებამდე რთულია, უბრალოდ გაქრეს, მაგრამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ნელ-ნელა გაიწოვება“, – განაცხადა ხვიჩიამ.