იაგო ხვიჩია - „ლელოსგან“ პოლიტიკაში ფულის ინვესტირების ყველაზე სწორი გზა იქნება, „გირჩი“ დააფინანსოს და არა ის, რომ თვითონ აკეთონ საქმე, რომელიც არ გამოსდით
რა მესამე ძალაში უნდა მოვიაზრო თავი, კაცო? მე პირველი ძალა ვარ, ასე მგონია, საერთოდ, რა შუაშია მესამე ძალა, ზოგადად, ვფიქრობ, რომ „ლელოსგან“ პოლიტიკაში ფულის ინვესტირების ყველაზე სწორი გზა იქნება, რომ „გირჩი“ დააფინანსოს და არა ის, რომ თვითონ აკეთონ საქმე, რომელიც არ გამოსდით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „ლელომ“ სხვა პარტიები უნდა დააფინანსოს.
„მათ სხვა საქმე გამოსდით კარგად, ფულის შოვნა და ის ხალხი უნდა დააფინანსონ, ვისაც პოლიტიკის კეთება გამოსდის მათზე უკეთ. ეს უნდა გაეკეთებინათ თავიდანვე და ასცდებოდნენ იმ გაუგებრობებს, რაშიც იყვნენ აქამდე. ჩემი აზრით, არაფერი არ შეიცვლება „ლელოსთვის“ უკეთესობისკენ, ვიდრე ისინი არ მიხვდებიან, რომ მათი საქმე პირდაპირ არ არის პოლიტიკის კეთება. მათი საქმე არის ბიზნესის კეთება, პოლიტიკის დაფინანსება და ის ხალხი უნდა დააფინანსონ, ვინც პოლიტიკას აკეთებს, ასეთი ტიპის პროფესია აქვს. მათ ადრეც დაუშვეს ეს შეცდომა და მგონია, რომ ახლაც თვითონაც შეცდომაში შევლენ და სხვასაც შეცდომაში შეიყვანენ, რომელიც მათ, როგორც მესამე ძალას, ისე შეუერთდება. იქნება პარტიები, რომლებიც ცალკე მიიღებენ მონაწილეობას, იქნებიან, ვინც გაერთიანდებიან, უბრალოდ, გაერთიანებას უნდა გააჩნდეს პრინციპები და არა ის, რომ მე მესამე ძალას ვქმნი და მოდი, შემომიერთდი. ეს არ არის პარტიების გაერთიანება. პარტიების გაერთიანება არის იმ საკითხებზე საუბარი, რაც ამ პარტიებს უნდათ ზოგადად და მათ შორის თანხვედრები მათ ბუნებრივად გააერთიანებთ, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარია დასაწყები, ჯერ, ხომ მოგეხსენებათ, ქართული პარტიები არ საუბრობენ, რა უნდათ. ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ „გირჩი“ მარტო უნდა გავიდეს არჩევნებზე. პოლიტიკური კონსტრუქცია ზოგადად რას მოიტანს, კაცმა არ იცის, მაგრამ გაერთიანება, როგორც ასეთი და იმის გამო, რომ ვიღაცა მესამე ძალად მიიჩნევს საკუთარ თავს, მათთან ერთად ყოფნა, ჩვენი სტილი არ არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.