იაგო ხვიჩია - მაშინ, როდესაც შენ არ დადიხარ ოპოზიციურ ტელეარხებზე და ელჩებს ეპატიჟები, რომ დებატებზე დაგისხდნენ, სერიოზული არ არის
იაგო ხვიჩია - მაშინ, როდესაც შენ არ დადიხარ ოპოზიციურ ტელეარხებზე და ელჩებს ეპატიჟები, რომ დებატებზე დაგისხდნენ, სერიოზული არ არის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ცნობილია – ეს კანონპროექტი თუ გასულ წელს იყო რუსული და მიუღებელი, წელს ვერ გახდება ევროპული და თანამედროვე, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლოს და ბოლოს გერმანიის კანცლერმა გვითხრა, სინამდვილეში თუ საით მივყავართ ამ კანონს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთი საათი შემიძლია, ვილაპარაკო რუსულ კანონთან მსგავსებაზე და ამ თემას არცერთი წინადადებით არ გავცდე. დაწყებული იქიდან, რომ ეს კანონიც და რუსული კანონიც ვრცელდება ერთსა და იმავე სუბიექტებზე, ერთსა და იმავე საქმიანობაზე და ვრცელდება ერთი და იმავე ფორმით ანუ რეპრესიული ფორმით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში, როგორც რუსული კანონი, ისე აქ შემოტანილი კანონი, სინამდვილეში მიემართება ქართულ პოლიტიკაში ამერიკული ფულის წინააღმდეგ და სწორედ ამერიკელებთან ბრძოლა არის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი რუსული კანონის და იმ კანონის, რაც ახლა ჩვენს პარლამენტში იხილება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე ელჩების მიმართ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გაიმართოს საჯარო დისკუსია. ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერის შეთავაზებას არასერიოზული უწოდა.

„დებატებს რაც შეეხება ელჩებსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ელჩების გამოწვევამდე შიდა დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს. ხელისუფლებას მოვუწოდებ, გახსნას მისი სახელისუფლო არხები ამ თემაზე საჯარო დისკუსიისთვის და განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის. თუ საჭირო გახდა კიდევ დისკუსია ვიღაცებთან – ელჩებთან თუ სხვებთან, ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ. მაშინ, როდესაც ქვეყნის შიდა დისკუსიები დაკეტილი გაქვს საკუთარ ტელეარხებზე, შენ არ დადიხარ ოპოზიციურ ტელეარხებზე და ელჩებს ეპატიჟები, რომ დებატებზე დაგისხდნენ, სერიოზული არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.