იაგო ხვიჩია - მაქვს ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის წევრები სხვებსაც ელაპარაკებიან, მე დასამალი არაფერი მაქვს, ისინი რატომ არ ახმაურებენ, არ ვიცი
იაგო ხვიჩია - მაქვს ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის წევრები სხვებსაც ელაპარაკებიან, მე დასამალი არაფერი მაქვს, ისინი რატომ არ ახმაურებენ, არ ვიცი

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სურდა საუბარი.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედაზე საუბრის თემა იყო, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა.

„დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ პირველი და ერთადერთი. არჩილ თალაკვაძემ მომწერა, რომ ჩემთან საუბარი უნდოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საუბრის თემა იყო, როგორ განვმუხტოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, რაზეც ჩემი აზრი ვუთხარი, მათ მოისმინეს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აზრი ერთმანეთს გავაგებინეთ.
ახალი არაფერი მითქვამს, იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს, პირველ რიგში საჭიროა, ერთმანეთს არ ვიჭერდეთ, მოლაპარაკების მაგიდაზე მყოფი ხალხი დაჭერით არ იყოს დამუქრებული და პირობა უნდა შესრულდეს, რომ უბრალოდ ნდობა დაუბრუნდეს „ქართულ ოცნებას“, რათა მასთან ლაპარაკი იყოს შესაძლებელი, მოხდეს შეთანხმების მიღწევა იგივე ან დაახლოებით იგივე, მეტწილად პროპორციულ სისტემაზე, რაც იყო დაპირებული. ლაპარაკის გარეშე ამ ქვეყნის წარმატების არ მჯერა, თუ პოლიტიკოსები ერთმანეთთან არ ვლაპარაკობთ, ტემპერატურა მაღლა იწევს“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, გაუგებარია მის მიმართ გამოთქმული საყვედურები.

„ზოგადად, არ მესმის ჩემს მიმართ გამოთქმული რაღაც საყვედურები. ჩვენ, ოპოზიცია ხელისუფლებას იმას ვსაყვედურობთ, რომ საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან ლაპარაკზე თქვა უარი და მეც იგივე მეპასუხა? არ გელაპარაკებით-თქო? საერთოდ არ მესმის ამ პრეტენზიის შინაარსიც კი. არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ ოპოზიციის სახელით, იმ ადამიანებს შევხვდი, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებდათ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. მე ამ აზრს გამოთქვამ ტელევიზიითაც და არ მეზარება, ადამიანს როცა მართლა საუბარი უნდა, ველაპარაკო“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სხვა პარტიის წევრებსაც ესაუბრებიან.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ მე არ ვყოფილვარ და სხვა ადამიანებსაც ელაპარაკებიან. შეიძლება სხვას სხვა რამეს ეუბნებიან, არ ვიცი. მე კარგად მიცნობენ და გაგირიგდე შენ რაღაცაზე ოპოზიციის ზურგს მიღმა, ასეთი შეთავაზება არ ყოფილა და რატომ უნდა ვთქვა რამე ცუდი. დასამალი არაფერი მაქვს, რასაც ვაკეთებ, ვამბობ, სხვები რატომ არ ახმაურებენ, არ ვიცი. შეიძლება, მომავალში გაახმაურონ ან შეიძლება, მათთან იყო პირობა, რომ არ გაახმაურონ, ჩემთან ეს არ ყოფილა“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.