იაგო ხვიჩია მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ურჩევს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ გაასაჩივრონ
ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ურჩევს, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება არ გაასაჩივრონ.
როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, თუ დაცვის მხარე აღნიშნულ საქმეს გაასაჩივრებს, სასამართლოს სხვა ასეთივე გადაწყვეტილება ექნება, რომელმაც შეიძლება, ეს საქმე უარესად დაამთავროს, ან არ დაამთავროს და პროცესი დაუსრულებელი გახადოს.
„100 პროცენტით ვერასოდეს ვერ დავადგენთ, რა დგას დღევანდელი გადაწყვეტილების უკან, მაგრამ მოვისმინე, რომ ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და ამ საქმეს საშუალება უნდა მისცეს, დამთავრდეს. თუ საქმეს გაასაჩივრებს პროკურატურა, გვეცოდინება, რომ საქმე პროკურატურამ გაასაჩივრა. თუ ამას დაცვის მხარე გაასაჩივრებს, პროკურატურას საშუალება ექნება, ეს საქმე იმდენი ხანი გააგრძელოს, რამდენი ხანიც უნდა და თან ეს დააბრალოს იმ ხალხს, ვინც ეს საქმე გაასაჩივრა. სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას არ მივაქცევდი, ვიცით, რომ ეს სასამართლო მანამდეც არ იყო. თუ გაასაჩივრებენ, ასეთივე სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება იქნება, რომელმაც შეიძლება, ეს საქმე უარესად დაამთავროს ან არ დაამთავროს და დაუსრულებელი გახადოს. ამ საქმით მე რომ დავიღალე, წარმომიდგენია, საქმეში მონაწილეები როგორ დაიღლებოდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.