იაგო ხვიჩია - „ლელოს“ მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად ორ ხმას იმის მიხედვით მივცემდით, რას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ვაჭრობა გვიყვარს
„ლელოს“ მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად ორ ხმას იმის მიხედვით მივცემდით, თუ რას შემოგვთავაზებენ, რადგან ჩვენ ვაჭრობა გვიყვარს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ წვრმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ პოლიტიკაში მოვიდა, რათა პოლიტიკოსებს ამომრჩევლის მეტი თავისუფლებისთვის ევაჭროს.
„კარგი რაღაცები უნდა ილაპარაკონ, მაგალითად, ეროვნული ბანკის გაუქმებაზე, ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე და ა.შ. ვერ ვხედავთ, ეს პროცესი როგორ მთავრდება. ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას 76 ხმა სჭირდება. ეს ხმები თუ სადმე არსებობს, ვინმემ გვითხრას. თუ ამას არ მეუბნებიან, წინასაარჩევნო პიარსვლა გამოდის. სხვა პარტიის პიარსვლაში მონაწილეობა რატომ უნდა მივიღო, რაღაც ხომ უნდა შემომთავაზონ? არც ერთი არარეალური ინიციატივა არ მომწონს, საიდანაც „ქოცები“ გამარჯვებულები გამოვლენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„ლელომ“ მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურების დაწყებაზე განცხადება გასულ კვირას გააკეთა. პროცესის დაწყებას 51 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ფრაქციას ორი ხმა აკლია. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა 76 ხმა, რაც საპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს.