იაგო ხვიჩია - ხაზარაძის მოსვლით, პოლიტიკას ერთი საქმიანი ადამიანი შემოემატება
ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლით, ერთი საქმიანი ადამიანი შემოემატება პოლიტიკას, რაც ნებისმიერ შემთხვევში პოლიტიკისთვის არის სიმდიდრე, – ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების კომენტირებისას განაცხადა.
„მამუკა ხაზარაძეს არანაირი საფუძველი არ მოუცია აქამდე თავისი მოღვაწეობით იმის სათქმელად, რომ ის არასერიოზული კაცია და არ არის ანგარიშგასაწევი. პირიქით, მის მიერ დაფუძნებული კორპორაცია ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევია და ძალიან ბევრ ადმიანს, ჩემი ჩათვლით, კარგ საქმეში დაეხმარა. რაც მნიშვნელოვანია, ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლით, ერთი საქმიანი ადამიანი შემოემატება პოლიტიკას, რაც ნებისმიერ შემთხვევში პოლიტიკისთვის არის სიმდიდრე. დანარჩენი, რას გადაწყვეტს და როგორ, ეს მომავლის საკითხია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.