იაგო ხვიჩია - „ხალხის ძალის“ მიზანი პრორუსი ამომრჩევლის ყურადღების მიქცევაა, მჯერა, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს ხმას პრორუსულ პარტიას
იაგო ხვიჩია - „ხალხის ძალის“ მიზანი პრორუსი ამომრჩევლის ყურადღების მიქცევაა, მჯერა, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს ხმას პრორუსულ პარტიას

მინდა, მივულოცო „ხალხის ძალას“, რომ მათ შეძლეს, საქართველოში ჩაედინათ ისეთი სიგიჟე, რომელიც ამერიკიდანაც კი ჩანს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ხალხის ძალის“ მიზანი პრორუსი ამომრჩევლის ყურადღების მიქცევაა.

„ეს ისეთი წარმატებაა, თუ ასე გააგრძელებენ, არჩევნებზე ოდნავ შანსი შეიძლება, ჰქონდეთ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს ხმას პრორუსულ პარტიას, რომელიც, სინამდვილეში, არ შედგება პრორუსი წევრებისგან. მიზანი პრორუსი ამომრჩევლის ყურადღების მიქცევაა. მგონია, ამას „ქართული ოცნება“ არ მიიღებს. უბრალოდ, ახლა საჭიროა იმისთვის, რომ „ხალხის ძალა“ ხალხს გააცნონ, როგორც პრორუსი პარტია და წაართვან ამომრჩეველი „ევროპელ სოციალისტებს“, სხვა გულწრფელ პრორუსებს. არ მჯერა, რომ მიიღებენ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, პასუხისმგებლობა აიღოს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ამ პრორუსულ კანონპროექტზე, მხარი დაუჭიროს. ხალხსაც გაუმარტივებს საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა: „საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.