იაგო ხვიჩია - კარგი საქმის კეთებისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ვინ არის ხელისუფლებაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მმართველობის პირობებში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
ჩვენთვის კარგი საქმის კეთებისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ვინ არის ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა, ვინც არ უნდა იყოს, კარგ საქმეს აკეთებდეს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მმართველობის პირობებში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერ სხვა კარგ საქმეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის „ფეისბუქ“ სტატუსზე, სადაც დარჩიაშვილი წერს: „არ მესმის და არც მინდა „ქოცებთან“ ერთად კანდიდატობა, პროფანაციაა ეს და არა ევროინტეგრაცია“.
„დავით დარჩიაშვილი ახლა სულ არ არის პოლიტიკაში და კომენტარს ვერ გავაკეთებ. სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი აკეთებს განცხადებებს, ვერ გეტყვით, რას ნიშნავს მისი განცხადება, მას უნდა ჰკითხოთ“, – ამბობს იაგო ხვიჩია.
იაგო ხვიჩიას თქმით, იმედი აქვს, ქვეყანა წარსული დამსახურებების გამო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„მჯერა, თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, და გვინდა მივიღოთ, მივიღებთ წარსული დამსახურებების გამო, აწმყოში მაინც და მაინც კეთილსინდისიერად ვერ გამოვიყურებით, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ წარსულის ხათრით აწმყო ხელს ნაკლებად შეგვიშლის ან საკმარისად ვერ შეგვიშლის, რომ ვერ მივიღოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.