იაგო ხვიჩია - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, აწმყოთი შეგვაფასებენ, თუ წარსულსაც გაითვალისწინებენ
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წარმატება-წარუმატებლობა დამოკიდებულია იმაზე, მხოლოდ აწმყოთი შეაფასებს ევროკომისია საქართველოს, თუ წარსულსაც გაითვალისწინებენ.
მისივე თქმით, აწმყოთი თუ შეაფასებენ ქვეყანას, საამაყო ბევრი არაფერია.
„მოლოდინებზე საუბარი სპეკულაცია ვერ იქნება თავისი შინაარსით, რადგან გულშემატკივრები ხშირად საუბრობენ, როგორ დაამთავრებს თამაშს მათი საყვარელი გუნდი. რაც შეეხება ჩვენს წარმატება-წარუმატებლობას, ეს დამოკიდებულია იმაზე, აწმყოთი შეგვაფასებენ, თუ წარსულსაც გაითვალისწინებენ. აწმყოთი თუ შეგვაფასებენ, მაშინ სამწუხაროდ, საამაყო ბევრი არაფერი გვაქვს. წარსულსაც თუ გაითვალისწინებენ, შეგვიძლია, იმედი გვქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ არავისზე ნაკლები სისხლი არ გვაქვს დაღვრილი ოკუპანტთან ბრძოლაში და ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლები ევროპული აზრები, იდეები არ დაბადებულა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას და ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს, საკითხის შეფასებისას იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, „ქართული ოცნების“ არაევროპულ ენას სიმშვიდით უპასუხებენ.
„ამ თითქოს შანტაჟის ტონში ჩანს ის, რომ ევროპელებო, ჩვენ თუ უარს გვეტყვით, რუსეთისკენ წავალთ. ეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ევროპელებმაც იციან. ამიტომ დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ამ არასათანადო, არაევროპულ ენას სიმშვიდით უპასუხებენ და ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას ერთმანეთისგან გამიჯნავენ. მუქარის შემცველი რომ იყოს ეს განცხადება, ძალიან სასაცილო იქნებოდა. „ქოცები“ რომ ევროპელებს ემუქრებიან აქედან, ეს ძალიან სასაცილო იქნება“, – აღნიშნა ხვიჩიამ.