მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას იაგო ხვიჩია სწორ ნაბიჯად მიიჩნევს
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლება, ვფიქრობ, არის ხელისუფლების მიერ გადმოდგმული ნაბიჯი, რათა მათ თქვან, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არიან კონსტრუქციულები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს არის სწორი სვლა და სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ციხიდან თავისუფლდებიან.
„ჩემი აზრით, ეს არის ხელისუფლების მიერ გადმოდგმული ნაბიჯი, რათა მათ თქვან, რომ არიან კონსტრუქციულები მოლაპარაკების მაგიდასთან, ყოველ შემთხვევაში ფასილიტატორებთან მაინც თუ საჯაროდ ამას არ იტყვიან. ამ მიზნით, ჩემი აზრით, ეს სწორი სვლა არის და ზოგადად სასიამოვნო საყურებელია, როცა ადამიანები ციხიდან თავისუფლდებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ამის შესახებ დღეს პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება ყველა მიმართულებით სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი.