იაგო ხვიჩია - ისეთი განცდა მაქვს, რუსეთმა ატომური ბომბიც რომ ისროლოს, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ერთმანეთთან ჩხუბით იქნებიან გართული
ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით დამაბრკოლებელი საკითხი შესაძლოა, სასამართლო სისტემა იყოს.
როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, ევროინტეგრაციის პროცესი არ იქნება მარტივი და მას სჭირდება ძირეული რეფორმების გატარება.
„მინდა, სასწაული მოხდეს და ევროკავშირში ამ მთავრობის პირობებში მიგვიღონ. ამას ქართველი ხალხი ყოველთვის გავიხსენებთ. ეს ის შემთხვევა იქნება – პირველად საქართველოს დამოუკიდებლობა მას არ გამოუცხადებია, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდოდა და ამისთვის იბრძოდა. ეს მეორედაც თუ მოხდა და ევროკავშირში ისე შევედით, რომ ვინც შედიოდა, ეს ძალიან არ უნდოდა, მაშინ დავიჯერებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. იმ ხალხს, ვის გამოც ევროპაში ფანჯარა გაიხსნა და შანსი გაჩნდა, დაუღლელად ვაკრიტიკებთ მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით. არ ვიცი, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ გლობალურ საკითხებზე ქოც-ნაცური ბრძოლა შევწყვიტოთ. ისეთი განცდა მაქვს, რომ რუსეთმა ატომური ბომბიც რომ ისროლოს, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ერთმანეთთან ჩხუბით იქნება გართული“, – განაცხადა ხვიჩიამ.