იაგო ხვიჩია - იძახდე, მწამლავენო და ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება, სააკაშვილს არ წამლავენ, რის გამოც „მაგნიტსკის სიებზე“ მუშაობა პერსპექტიული არ იქნება
მიხეილ სააკაშვილს არ წამლავენ. აქედან გამომდინარე, „მაგნიტსკის სიებზე“ მუშაობა ამ თვალსაზრისით, თითქოს ვიღაც სააკაშვილის სიცოცხლეს ანადგურებს და ამიტომ სიაში უნდა შევიყვანოთ, პერსპექტიული არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან.
„მიხეილ სააკაშვილს მაინც უფრო გრძელვადიან თამაშზე გადასვლას ვურჩევდი. მან უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის, თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა ბრძოლა გადაწყვიტა, მაშინ ის უნდა გადავიდეს ციხეში და ბრძოლა იქიდან გააგრძელოს, მაგრამ თუ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, თუ გადაწყვიტა, თვითონაც დაისვენოს და სხვებიც დაასვენოს, მაშინ ის რაღაცნაირად უნდა დანებდეს. უნდა თქვას, რომ მე დავმარცხდი და გამიშვით ახლა, თავი დამანებეთო, მაგრამ იბრძოდე და იძახდე, მწამლავენო, ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება.
საქართველოს მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს. ჩვენ შეგვიძლია, დიდი სია გავაკეთოთ მათი არასწორი ქმედებების და არასწორი გადაწყვეტილებების ჩამონათვალით. შეგვიძლია, მილიონ რამეში გავაკრიტიკოთ, მაგრამ შევქმნათ „მაგნიტსკის სია“ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში აწამებენ, მაგის არ მჯერა. თუ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნება“ სიაში უნდა შევიყვანოთ იმის გამო, რომ სააკშვილს აწამებენ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აწამებენ და ეს ყველაფერი რაღაცნაირი ბუშტი იქნება. მიხეილ სააკაშვილს ციხე არ მოსწონს. ტყვეობაში ცუდად ხდება, შესაბამისად, მისი ავადმყოფობა არის არა წამების გამო, არამედ იმის გამო, რომ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად არ გრძნობს. მისი დაავადებაც და მისი ნერვიული სტრესიც აქედან გამომდინარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.
მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას თუ აპირებს, ბრძოლისთვის ციხის საავადმყოფო არ ვარგა. „ქართული ოცნება“ აყვედრის, ოროთახიან ბინაში გვყავსო. თუ ხვდები, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო პოლიტიკური ბრძოლა მოგბეზრდა და პოლიტიკა არ გინდა, საკმარისია, ეს ადვოკატის ენით თქვა. შენ თვითონ უნდა გამოხვიდე, ძალა მოიკრიბო, უნდა მიხვიდე პროცესზე და იქ თქვა, რომ ხალხო, თავი დამანებეთ, პოლიტიკიდან მივდივარ და დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ გასაგები იქნება – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან გადის. თუ ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ არ მახსოვს, დატყვევებულ გენერალს ვინმე ბრძოლის დასრულებამდე ათავისუფლებდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სააკაშვილის მოწამვლის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.
„ვინც გინდა, იმან გააკეთოს დასკვნა – მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად და კარგად არ გრძნობს. ციხეში ის ისეთი ლაღი არ არის, როგორიც გარეთ იქნებოდა. მაგრამ ამის იქით რაც არის, მოწამვლა და ის კვდება, არ კვდება, ეს მესმის უკვე წელიწადზე მეტია. შესაბამისად, დავიტოვებ ნებას, რომ ოდნავ სკეპტიკური ვიყო ამ ფაქტის მიმართ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.