იაგო ხვიჩია - გუშინდელი აქციის ყველა ნაწილი არ მომეწონა, მათ შორის არც კართან უაზრო ჯაჯგური, პარლამენტის ერთ კარს რატომ ეჯაჯგურებიან, რამდენი კარი და ფანჯარაა, თუ პარლამენტში შესვლა უნდათ
ოპოზიციას ევალება, მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას უსმენენ ახალგაზრდები. უნდა გაიხსნას დისკუსია, როგორ გაგრძელდეს აქციები, რადგან ახლა არავინ იღებს პასუხისმგებლობას, ახალგაზრდები დარბიან და ხან რას ამტვრევენ, ხან – რას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვის ენდობიან და ლიდერებისგან რას ელოდებიან.
„როგორ შეიძლება, ადეკვატური იყოს პარლამენტის სპეცრაზმით ავსება და ამის გამო იქ დეპუტატების არშეშვება? გუშინდელი აქციის ყველა ნაწილი არ მომეწონა, მათ შორის არც კართან უაზრო ჯაჯგური. მგონი, ოპოზიციას ევალება, რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას უსმენენ ახალგაზრდები. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მედიაში უნდა გაიხსნას დისკუსია, როგორ გაგრძელდეს აქციები, რადგან ახლა არავინ იღებს პასუხისმგებლობას, ახალგაზრდები დარბიან და ხან რას ამტვრევენ, ხან – რას. პასუხისმგებელი არავინ რომ არ იქნება, აღმოჩნდება, რომ ვიღაც ახალგაზრდებს მარტო ტოვებს მართლმსაჯულების წინააღმდეგ.
მოთხოვანა უნდა იყოს დაკავებული ხალხის გამოშვება. მას შემდეგ, რაც „რუსულ კანონს“ მიიღებენ, ნებისმიერი მოთხოვნა შეიძლება იყოს ლეგიტიმური. პრობლემა იმაში კი არ არის, აქციაზე ვინ დგას და რას ლაპარაკობს, აქციამდე უნდა იყოს საქმე გაკეთებული და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვის ენდობიან, ვისთან არიან და ლიდერებისგან რას ელოდებიან. რეპუტაცია მანამდე უნდა იყოს მოპოვებული, რადგან ადამიანები აქციაზე კი არ გაგიცნობენ, მანამდე გიცნობენ. აქციაზე დაგინახეს და შენით აღფრთოვანდნენ, ასეთი შემთხვევების ნაკლებად მჯერა.
ჯაჯგურის წინააღმდეგ კი არ ვარ, უბრალოდ, ეს მართლა ჯაჯგური უნდა იყოს. პარლამენტის ერთ კარს რატომ ეჯაჯგურებიან, ნახეთ, რამდენი კარი და ფანჯარაა, თუ პარლამენტში შესვლა უნდათ. თუ ჯაჯგურზე მივდივართ, რატომ მხოლოდ პარლამენტი და არა სხვა შენობები? ამდენი ხალხია და გადანაწილდეს. თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად დავეჯაჯგუროთ. ეტაპებია გასავლელი და ეს ეტაპები გამოტოვებული გვაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.