იაგო ხვიჩია - „გლობალური ომის პარტიის“ ვერსიის შემდეგ, ვალდებული ვართ, ეჭვქვეშ დავაყენოთ ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს ვინმეს დაჭერაზე, უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები
„გლობალური ომის პარტიის“ ვერსიის შემდეგ, ვალდებული ვართ, ყველა ვერსია ეჭვქვეშ დავაყენოთ, უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ფილმი მახსენდება, სადაც ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიან და ეს არის ბრალდება. არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, მაგრამ „გლობალური ომის პარტიის“ ვერსიის შემდეგ, ვალდებული ვართ, ეჭვქვეშ დავაყენოთ ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით. უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა. ფიქრობენ, საარჩევნოდ ხალხს რაც უფრო შეაშინებენ, მით უფრო შეუყვარდებათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.