იაგო ხვიჩია - „გირჩი“ მხარს უჭერს მეტ თავისუფლებას და ბლოკების შექმნის უფლებაც ასეთია
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მხარს უჭერს ბლოკების შექმნის უფლებას.
როგორც იაგო ხვიჩამ განაცხადა, „გირჩი“ მხარს უჭერს მეტ თავისუფლებას და ბლოკების შექმნის უფლებაც ასეთია. იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში ბლოკებს დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გაუგებარია რატომ იკრძალება მათი შექმნა.
„მე და თქვენ რომ გადავწყვიტოთ ერთად პარლამენტში შესვლა, რატომ არის ეს აკრძალული და რატომ გიწევს ის, რომ ან მე შევიდე თქვენს პარტიაში და ან თქვენ შემოხვიდეთ ჩვენს პარტიაში, ვის მოუვიდა ეს თავში აზრად და შინაარსი რა აქვს, ამის ახსნას ვითხოვ. მგონია რომ ვერავინ ვერ ახსნის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე განმარტებით, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით მისი და ბიძინა ივანიშვილის გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ის რაც კარგია 2020 წლისთვის კარგი იქნება ყოველი შემდეგი არჩევნებისთვისაც. იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ნულოვანი ბარიერის შენარჩუნება კარგი იქნებოდა შემდგომი არჩევნებისთვისაც. გარდა ამისა, „გირჩი“ საარჩევნო ასაკის დაწევის ინიციატივითაც გამოდის. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ სადეპუტატო ასაკის 21 ხოლო ხმის უფლებით სარგებლობის ასაკის 16 წლამდე დაწევა შესაძლებელია.
„საარჩევნო ასაკს რაც შეეხება, ვითხოვ, საარჩევნო ასაკის ორივენაირად დაწევას. საქართველოს პარლამენტის წევრი 25 წლიდან უნდა აირჩეოდეს. ჩვენ ეს მონაპოვარი ახლა რაც გვაქვს, მოგვიპოვეს ახალგაზრდებმა, რომლებიც 25 წლის არ არიან და ამავდროულად, ყველა სულელს აქვს ამ ქვეყანაში ხმის უფლება და 16 წლის ადამიანს, რომელიც ბევრ რამეს განსაზღვრავს, ხმა რა გახდა ასეთი. ხომ ვიცით, რამდენი სულელი აძლევდა ხმას არჩევნებზე და რატომ არ ვაძლევთ ახალგაზრდებს ამის უფლებას, რომლებმაც ეს მონაპოვარი მიიღეს, ჩემთვის გაუგებარია“, – განმარტა იაგო ხვიჩიამ პირველ არხთან საუბრისას.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას მართავს. სამი დღის განმავლობაში, ჯგუფის წევრები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.