იაგო ხვიჩია -  გიორგი ვაშაძის მიზანი ჩემი საქმე არ არის, მანდატი მისია და როგორც უნდა ისე მოიქცეს
იაგო ხვიჩია - გიორგი ვაშაძის მიზანი ჩემი საქმე არ არის, მანდატი მისია და როგორც უნდა ისე მოიქცეს

პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი ვაშაძე, ამ პარლამენტის უფლებამოსილებამდე, ამ შენობაში დარჩება, თუ საქმიანობას სხვაგან გააგრძელებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელმაც არ გამორიცხა, რომ მისმა პარტიამ პარლამენტი დატოვოს.

ხვიჩიას თქმით, გიორგი ვაშაძეს გადაწყვეტილების მიღება დააგვიანდა.

„ამ საქმეში ვაშაძეს წარმატებებს ვუსურვებ. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი ვაშაძე ახლა, ამ პარლამენტის უფლებამოსილებამდე, ამ შენობაში დარჩება, თუ საქმიანობას სხვაგან გააგრძელებს. დააგვიანდათ გადაწყვეტილებების მიღება. თუ გინდოდა, რომ პარლამენტში არ შემოსულიყავი და პარლამენტი დაგებლოკა, ცოტა ხნით ადრე უნდა მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება და არა ახლა. რაც უნდა იყოს, ვაშაძის მიზანი ჩემი საქმე არ არის, მანდატი მისია და როგორც უნდა ისე მოიქცეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან მისივე თქმით, „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა“.