იაგო ხვიჩია - გიორგი ვაშაძეს ვეთანხმები, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ფარსია, მაგრამ პროცესში ვმონაწილეობ, რომ თაღლითობა არ დამბრალდეს
გიორგი ვაშაძეს ვეთანხმები, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ფარსია, მაგრამ ამას ცოტა განსხვავებული რაკურსიდან ვუყურებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იაგო ხვიჩიამ შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადება, სადაც ვაშაძე ამბობს: „ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს. მეტიც, ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებთ, მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და მმართველი პარტიის ლუსტრაცია მოვახდინოთ“.
იაგო ხვიჩიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ პროცესებში ოპოზიცია არ მონაწილეობს და სათქმელი აქვს, რომ თავად არის კონსტრუქციული. ამასთან, როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში მონაწილეობს, რადგან „თაღლითობა არ დაბრალდეს“.
„სხვათა შორის, გიორგი ვაშაძეს ვეთანხმები, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ფარსია, თაღლითობა და ფარსია, მაგრამ ამას ცოტა განსხვავებული რაკურსიდან ვუყურებ. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ორად დაშლა, პროცესიდან გამოთიშვა მოახერხა და თან იმის თქმა, რომ ჩვენ რა შუაში ვართ, ნახეთ, ოპოზიცია რა დესტრუქციული არისო, ეს ნამდვილად ისაა, რაც ვაშაძემ თქვა, მაგრამ კონტექსტი შეუცვალა. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ამ პროცესებში ოპოზიცია არ მონაწილეობს და სათქმელი აქვს, რომ თავად არის კონსტრუქციული. ამ პროცესში ვმონაწილეობ, რომ თაღლითობა არ დამბრალდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.