იაგო ხვიჩია - გამოკითხულთა 25 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ როცა აძლევს ხმას, ექვსი პროცენტი - „ნაცებს“ და მეტი არაფერი ვიცით, ასეთი კვლევა არც უნდა გამოქვეყნდეს, ღირებულება არ აქვს
კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 25 პროცენტი ხმას „ქართულ ოცნებას“ როცა აძლევს, ექვსი პროცენტი – „ნაცებს“ და მეტი არაფერი ვიცით, ასეთი კვლევა არც უნდა გამოქვეყნდეს, რადგან მას არანაირი ღირებულება არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიამ შეაფასა NDI-ის გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 25 პროცენტი თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას კი – 6 პროცენტი.
მისივე თქმით, ზოგადად, ასეთი სახის კვლევებით პოლიტიკური რეალობის გაგება არასოდეს ხდებოდა.
„მგონი, ეს ნაწილი კვლევის ჩატარების კვალიფიციურობაზეც მიუთითებს, რადგან, როგორი ნიჰილიზმიც არ უნდა იყოს, კვლევას რომ ატარებ და 100 ადამიანიდან 70 არ გეუბნება, რას ფიქრობს, ე.ი. საკუთარ თავში უნდა დაინახო პრობლემა. ინფორმაცია არ მაქვს ამ კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე, რა და როგორ შეიცვალა, მაგრამ დაუჯერებლად მეჩვენება, რომ გასული წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობისთვის ნდობა გამოეცხადებინა უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე მანამდე აცხადებდა. ამას მხოლოდ ის ლოგიკური ახსნა აქვს, რომ ომის პირობებისა და იმ კამპანიის გათვალისწინებით – აბა, ომი გინდათ? – შეიძლება, რამდენიმე პროცენტით მეტმა ადამიანმა ხელისუფლების ეს ვერსია დროებით დაიჯერა. საქართველოს ნდობა რომ არ დაუმსახურებია, ფაქტია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.