იაგო ხვიჩია - გამჭვირვალობის შესახებ კანონი წინასაარჩევნოდ ქართველი ხალხისთვის გამოღვიძების საშუალებაა, რომ აზრზე მოვიდნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, დანარჩენი ყველაფერი ცუდია
ეს კანონი წინასაარჩევნოდ ქართველი ხალხისთვის გამოღვიძების საშუალებაა, რომ აზრზე მოვიდნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, დანარჩენი ყველაფერი ცუდია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, „ქართული ოცნება“ რომ ამბობს, კანონის მიზანი „შავი ფულის“ კონტროლიაო, ეს უკვე სასაცილოა.
„„შავი ფულის“ მთავარი წყარო „ქართული ოცნებაა“, მეორე ოპოზიციური ძალა და ბოლოს უნდა მოვიდნენ იმ ხალხთან, ვის გაკონტროლებასაც აპირებენ. მგონი, ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების ბედზე ბევრი ქართველი არ ღელავს. მთავარი ამბავია, რომ ამ ყველაფერს მდგომარეობის გაუარესება მოჰყვება პარტნიორებთან, დასავლეთთან. რას ნიშნავს ჩინეთისკენ სვლა დასავლეთისა და ევროპის სანაცვლოდ, ამას საკუთარ ტყავზე მალე ვიგრძნობთ, თუ რაიმეს მალე არ გამოვასწორებთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უმრავლესობის წევრებმა ყველამ კარგად იცოდა, რომ „რუსული კანონის“ მიღებას ბულინგი მოჰყვებოდა.
მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფა ატანადია, თუმცა არა ადამიანზე ძალადობა, რაც, ხვიჩიას შეფასებით, ძირითადად ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული.
„მთავარი პრობლემა უმრავლესობის წევრების ბულინგი არ არის. ყველამ კარგად იცოდა, რომ „რუსულ კანონს“ თუ მიიღებდნენ, ვინმე დააბულინგებდათ და ეს ორ დღეში არ მორჩება. სჯობს, ეს ხალხი არ დაამახსოვრდეთ, თორემ ბულინგს ხუთი წლის შემდეგ ვინ დაუშლით? ამ გადაწყვეტილებას ზოგი ცუდ ქცევად მიიჩნევს, ზოგი კორუფციად, ზოგი ღალატად, ზოგი – ამორალურად, კარგად არავინ თვლის და ამის გათვალისწინებით, რასაკვირველია, სიტყვიერ შეურაცხყოფას მიიღებ. შეურაცხყოფა ატანადია, მაგრამ აუტანელია სხვა ადამიანზე ძალადობა, რაც ძირითადად ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ. სხვა შემთხვევაში, ეს ხალხი ციხეში იჯდებოდა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა.