იაგო ხვიჩია - ფასილიტატორებთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია, რომ გავარკვიოთ, სად არის ის ზღვარი, როდესაც „ქართული ოცნება“ შეუქცევადად არღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას
ჩვენს ფასილიტატორებთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია, რომ გავარკვიოთ, სად არის ის ზღვარი, როდესაც „ქართული ოცნება“ შეუქცევადად არღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას. მას, როგორც ხელშეკრულების დამრღვევს, უნდა მოეთხოვოს პასუხი, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იგი გამოეხმაურა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით კახა კუჭავასადმი აშშ-სა და ევროკავშირისა და ელჩების ერთობლივი წერილს, რომელშიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით არის საუბარი.
„ეს ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნავს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების დარღვევას, ისევე, როგორც ნიშნავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ჩვენს ფასილიტატორებთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გავარკვიოთ, სად არის ის ზღვარი, როდესაც „ქართული ოცნება“ შეუქცევადად არღვევს ამ ხელშეკრულებას და მას უნდა მოეთხოვოს, როგორც ხელშეკრულების დამრღვევს პასუხი. მე ვეთანხმები. იმის მიუხედავად, რომ ამ შეთანხმებით მართლმსაჯულების ნაწილის წარმატების დიდად არ მჯერა, ცხადია, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტთან მიმართებით უპატივცემულოდ იქცევა უკვე მეორე შემთხვევაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩისა, კარლ ჰარცელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის ერთობლივი წერილი დღეს გავრცელდა.
ერთობლივი წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზეა დაწერილი და პარლამენტის წევრებმაც მიიღეს.