იაგო ხვიჩია - ფაქტობრივად, მთელმა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, მთელი ევროპარლამენტი გვეუბნება, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება
ევროპარლამენტის რეზოლუცია უნდა გამოვიყენოთ, როგორც უპირატესობა იმისთვის, რომ ევროკავშირთან წლის ბოლოს უფრო თამამად ვიყოთ. ეს რეზოლუცია უნდა შესრულდეს ევროპელებთან ერთად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა მიაქციოს ყურადღება, „რა მავნე შედეგები მოაქვს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას“.
„მის შესრულებასთან ერთად უნდა დავიწყოთ საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს. ისევ ველოდები, რომ ევროპელების დისკრედიტაცია წავა და დაიწყება იმის კამპანია, რომ ევროპარლამენტში ყველამ გააფრინა. სწორი დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ მოქალაქეებს ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ, ზუსტად ის შანსი, რომელიც ახლა საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით და მათ მიერ არაფრის არაღიარების გამო იკარგება. მე ყველაფერს არცერთ ტექსტში არ ვეთანხმები. ამ ტექსტის ავტორები არიან ის ხალხი, რომელსაც ჩვენ სადღაც მიღებას ვთხოვთ. საქართველოს ხელისუფლება, რომ ვერ არწმუნებს რაღაცაში იმ ხალხს და ამ ყველაფრის შედეგად ისეთი ტექსტი იდება, როგორიც იდება, ეს წარმოადგენს პრობლემას. ფაქტობრივად, მთელმა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას და ადრე თუ იყო საუბარი, რომ „მარგინალური ჯგუფები“ არსებობს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციებს იღებს, მგონი, ახლა ჩვენ ცხადად გვაქვს შემთხვევა, როდესაც, ფაქტობრივად, მთელი ევროპარლამენტი გვეუბნება, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. მგონია, რომ ამას, პირველ რიგში, ქართველმა ხალხმა უნდა მიაქციოს ყურადღება და იფიქროს, რა მავნე შედეგები მოაქვს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას“, – განაცხადა ხვიჩიამ.