იაგო ხვიჩია - ევროპელებმა გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, არასწორია და ვადა სულ მცირე ერთი წლით გაზარდეს
იაგო ხვიჩია - ევროპელებმა გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, არასწორია და ვადა სულ მცირე ერთი წლით გაზარდეს

ვადის გადაწევა არის დასავლეთისა და ევროპის რეაქცია „ქართული ოცნების“ იმ ღონისძიებებსა და ქმედებებზე, რომელიც ევროპელების რეკომენდაციების შესასრულებლად დასახეს – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ის, რაც ხდება, სრულად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა“.

„ევროპელებმა ამით გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, არასწორია და ის, რისი გაკეთებაც ექვს თვეში შეიძლებოდა, ამ გადაწყვეტილებით, მისი ვადა სულ მცირე ერთი წლით გაიზარდა. მგონია, რომ ეს არის მინიშნება, რომ თუ ასე გავაგრძელებთ დაუსრულებლად, შეიძლება, ეს ვადები გაიზარდოს. სინამდვილეში, ამ ვადის გადატანით ჩვენს მიზნებზე უარი მივიღეთ. ოპოზიციას თავის გაჭირვება ეყოფა, მათზე ჩემი პოზიცია იცით, მაგრამ ის, რაც ხდება, სრულად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ის, რომ ვშორდებით ევროპას და ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და ეს სხვისი ვერ იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროკომისიის წარმომადგენელმა, მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, რომ არ დააჩქარებენ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მომზადდება.