იაგო ხვიჩია - ეტყობა, 2003 წელს ახალგაზრდები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და რაც ენატრებათ, იმას უსვამენ ხაზს, ახალგაზრდობას, რომელიც შეიძლება, ასეც გამოხატო, რომ მაშინ სექსუალურად გამოიყურებოდნენ
პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს წარმოადგენს შვიდი პარტია, ხოლო აქედან ბარიერს გადალახავს მხოლოდ ის, რომელსაც სააკაშვილი დაუჭერს მხარს.
„ხმები რომ არ დაიკარგოს, საჭიროა, ყველა „ნაცური“ პარტია დაბრუნდეს „ნაცებში“, რასაკვირველია, ორი ნიკას თამადობით. ისინი პირველი უნდა დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც სათანადო წინადადებას მიიღებენ „ნაცებისგან“. ახლა ვაჭრობის პროცესი მიმდინარეობს, ამ ვაჭრობაში ვინ რას გამოიმუშავებს, ეს არის მთავარი კითხვა. შვიდი „ნაცური“ პარტიის გაერთიანება არ არის კოალიცია. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ „რექონსილეიშენი“, როგორც ბატონი გვარამია იტყოდა, მაგრამ შემდეგ თვითონვე უღალატა ამ იდეას. ვუსურვებდი, დაუბრუნდეს „ნაცების“ ერთად შეგროვების იდეას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, რომ წლევანდელი არჩევნები პოლიტიკური ლიდერების მოწონებაზე არ იქნება დაფუძნებული და „არ იქნება „სექსი“ არჩევნები“, იაგო ხვიჩია ამბობს: „ეტყობა, 2003 წელს ახალგაზრდები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და რაც ენატრებათ, იმას უსვამენ ხაზს, საკუთარ ახალგაზრდობას, რომელიც შეიძლება ასეც გამოხატო, რომ მაშინ სექსუალურად გამოიყურებოდნენ. ვინაიდან დღეს ჩვენ არ გამოვიყურებით სექსუალურად, სხვა, ვინ შეიძლება, ასე გამოიყურებოდესო, მე ასე გავიგე“.