იაგო ხვიჩია - ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება, არის „ენჯეოებში“ შემოსული ამერიკული ფული, რომელიც იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება, დარჩა „ენჯეოებში“ შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. რასაკვირველია, ეს ფული იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ საუბრისას აღნიშნა, მათ ბევრი არასწორი აზრი გაუვრცელებიათ და სწორედ არასწორი აზრების გავრცელებაა ის, რაც ამ ორგანიზაციებს სახელს უტეხს.
ამასთან, ხვიჩიას თქმით, საჭიროა ამერიკელებთან საუბარი იმაზე, რომ ხალხს მათი წარმომადგენლები არ ეზიზღებოდეს.
„ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინსტრუმენტები სხვა ქვეყანაში სამუშაოდ და თავისი ინტერესების გასატარებლად. ამერიკის მეთოდები განსხვავდება რუსული მეთოდებისგან. რუსული მეთოდებია მოწამვლა, მოკვლა, დაშინება, „შავი ფულია“ თავიდან ბოლომდე. ამერიკული მეთოდები სრულიად გამჭვირვალეა, იცი, როგორ არის დალაგებული, საიდან მოდის ფული, რაში იხარჯება. ამ ფულის 90 პროცენტი ხელისუფლებაზე იხარჯება, სინამდვილეში, ძალიან ცოტა ნაწილი იხარჯება ენჯეოსექტორისკენ. ძირითადად, მავნებლობებშიც იხარჯება. მთავრობას რომ მოსწონს და მერე აპიარებს, ამაშიც ეხმარებიან მთავრობას. ეს ფული აქამდე ყოველთვის ხელუხლებელი იყო. ჩვენ, პოლიტიკოსებს, ბევრად უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ენჯეოსექტორია რეგულირებული. ხუთი ლარის ჩარიცხვაც კი აკრძალული გაქვს პოლიტიკური პარტიებისთვის, ათასნაირი დოკუმენტაცია უნდა შეავსო. სხვათა შორის, ეს „ენჯეოების“ ლოცვა-კურთხევით გააკეთეს, ანუ „ენჯეოებმა“ პოლიტიკოსებს გაუკეთეს ბევრად უარესი კანონმდებლობა, ამას ლობირებდნენ, ვიდრე „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში თვითონ ექნებათ. ის კანონიც, რომელიც პოლიტიკოსების შესაზღუდად გამოიყენეს, ასევე რუსულია, რადგან ჯერ პოლიტიკოსები გამოშიგნეს ფინანსურად, მთლიანად ბიუჯეტს მიაბეს. პოლიტიკოსების და ბიზნესმენების ფული სრულად გაკონტროლდა.
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება, დარჩა „ენჯეოებში“ შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული, რასაკვირველია, იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში. მე მომწონს-არ მომწონს, ეს სხვა საკითხია. ბევრი კარგი რამ გაუვრცელებიათ და ბევრი საქველმოქმედო პროექტი გაუკეთებიათ. ბევრი არასწორი აზრი გაუვრცელებიათ და ეს არასწორი აზრების გავრცელება არის ის, რაც სახელს უტეხს ამ ორგანიზაციებს. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ამერიკელებს, რომ მათ ეს ხალხი არ წარმოადგენდნენ. უნდა ველაპარაკოთ, როგორ შეცვალონ, რომ რეპუტაციულად დამაზიანებელი არ იყოს მათი მიტინგზე გამოსვლა, მათი წარმომადგენლები ხალხს, უბრალოდ, არ ეზიზღებოდეს. ამერიკას არაფერი არ სჭირს შესაზიზღებელი. შესანიშნავი ქვეყანაა, მაგის გამო ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ ამერიკა არსებობს. ის წესრიგი უზრუნველყოფს ჩვენნაირი ქვენების არსებობას თანამედროვე სამყაროში, მით უმეტეს, როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს. ამ ქვეყანას ჩვენგან უპატივცემულობა არასოდეს დაუმსახურებია, მაგრამ ის ხალხი, რომლებიც ქართველები არიან და ამერიკის წარმომადგენლები არიან, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ არიან ადეკვატური საქართველოს რეალობასთან დაკავშირებით. შეიძლება იმის გამო, რომ თავის დროზე, ნაცვლად იმისა, ვინც აზროვნებდა, ის აეყვანათ, აიყვანეს თარჯიმნები, ვინც ინგლისური ან ენები იცოდა. ამ პრობლემამ ახლა იჩინა თავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.