იაგო ხვიჩია - ექვსი თვის თავზე მიღებული უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ, კოლეგებს 12 პუნქტის შესრულებაზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ
იაგო ხვიჩია - ექვსი თვის თავზე მიღებული უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ, კოლეგებს 12 პუნქტის შესრულებაზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ

ბევრ რამეზე ვმსჯელობთ, მაგრამ ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, რომ გავარკვიო რეალურად, რა აწუხებთ ჩვენს კოლეგებს და რისი მიღწევა უნდათ, რომ ამის მიხედვით ფორმირდეს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის შესახებ განაცხადა.

„ოპოზიციის ნაწილს გვაწუხებს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებები. „ნაციონალურ მოძრაობას“ აწუხებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი. ეს ორი საკითხია, რომელზეც გამოკვეთილად ჩანს ინტერესი პოლიტიკურ პარტიებში“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, მის კოლეგებს 12 პუნქტის შესრულებაზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ.

„ჩემი აზრით 12 პუნქტის შესრულება მიხეილ სააკაშვილის თემაზე გადის. იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, ჩვენ შევასრულოთ ის მოთხოვნები დეპოლარიზაციის, განსაკუთრებით დეოლიგარქიის ნაწილში და ეს აღიაროს მათ შორის ოპოზიციამ იმ პირობებში, თუ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო. დღეს ჩემს კოლეგებს ვთავაზობდი, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ექვსი თვის თავზე რა უნდა იყოს გაკეთებული – ერთი, უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული და მეორე, ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ. კოლეგებს 12 პუნქტის შესრულებაზე სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის სამუშაო ოთახში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავენ და ვის რა მიაჩნია 12 პუნქტის შესრულების გზად, საკუთარ პოზიცებს დახურულ კარს მიღმა აფიქსირებენ.

შეხვედრას ესწრებიან – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, „ლელოს“ წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი და უფრაქციო, დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი.