იაგო ხვიჩია - ენჯეოსექტორს ერთი კაპიკი არ უნდა მისცე, ვიდრე სრულად არ განაახლებ ამ ენჯეოდინოზავრებს, პროცესს აფუჭებენ, სახელს უტეხენ პარტნიორებს, მათთვის ფულის ნდობა როგორ შეიძლება
ენჯეოსექტორისთვის ფულის ნდობა როგორ შეიძლება, კაპიკი არ უნდა მისცე, ვიდრე მათ სრულად არ განაახლებ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას კითხვა დაუსვეს, როგორ წარმოუდგენია, რა პირობით უნდა მოხდეს უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება?
„„ენჯეოების“ გამოსწორებით. ენჯეოსექტორს ერთი კაპიკი არ უნდა მისცე, ვიდრე სრულად არ განაახლებ ამ ენჯეოდინოზავრებს, რომლებიც, სინამდვილეში, პროცესს აფუჭებენ, სახელს უტეხენ პარტნიორებს. მათთვის ფულის ნდობა როგორ შეიძლება? რამდენი ფული დახარჯეს და ორცენტიანი მხარდაჭერაც არ აქვთ. მიტინგზე გავლენ და შლიან, არავის მათი დანახვა არ სურს და არავის ესენი არ უყვარს, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ გაიგეს, რა იყო ჭეშმარიტად დასავლური ღირებულება და რა – ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც წესი, ყველაფერს არასწორს უჭერდნენ მხარს ამერიკის სახელით. ჩვენთან ურთიერთობის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაიაზროს, რომ არასწორ ხალხზე ჰქონდა ფსონი დადებული და იქნებ სწორი ხალხი იპოვოს, ამ ქვეყანაში ხალხის პოვნა შესაძლებელია. ის ხალხი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ამერიკის სახელით ლაპარაკობდა, დისკრედიტებულია და სწორადაც არის დისკრედიტებული. შეუძლებელია, ისინი გაიცნო, მათი უდიდესი ნაწილი, და მათთან რამე ტიპის ურთიერთობა გინდოდეს. ამის გაუაზრებლობა, საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ სწორი იდეები, რომლებიც დასავლეთიდან შემოდის, ხშირად შელანძღული სახით მოდის, რადგან არასწორი ხალხის მიერაა საქართველოში პრეზენტირებული. ძალიან უპასუხისმგებლოდ უნდა ხარჯავდე ამერიკის გადასახადების გადამხდელთა ფულს, რომ სინამდვილეში ვერ ხვდებოდე, როგორი ხალხი განკარგავს მას საქართველოში.
ამ ხალხს არ შეუძლია მეგობრების პოვნა, საერთო საქმის კეთება, ვიღაცებთან შეთანხმება, ამავდროულად აქვთ არაადეკვატური პოლიტიკური ამბიციები. ისინი შეიძლება პარლამენტში არ იყვნენ, ხალხმა შეძლება არ აირჩიოს, მაგრამ სადღაც ხელი მოაწერონ რაღაცას და უნდათ, ქვეყანა მართონ. მთელი პროცესი დგას არაადეკვატურ იდეებზე, რაც „ქოცების“ მიერ კარგად არის გამოყენებული. „ქართული ოცნება“ სწორედ ამიტომ ახერხებს ამას, რომ მეორე მხრიდან უბრალოდ არ არსებობს ადეკვატური ძალა, რომელიც პრობლემას დაინახავდა და ამ პრობლემას ისე უპასუხებდა, როგორც საპასუხოა და არა ისე, როგორც დღეს პასუხობენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.