იაგო ხვიჩია - „ენჯეოების“ საქმიანობას რასაც ვუყურებ, არც მათი დაცული ხმების და არც მათ მიერ გამოვლენილი დიდი დარღვევების არ მჯერა
„ენჯეოების“ საქმიანობას რასაც ვუყურებ, არ მჯერა არც მათი დაცული ხმების და არც მათ მიერ გამოვლენილი დიდი დარღვევების, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიჩიას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ სადამკვირვებლო მისიის დაფუძნებაზე დაუსვეს კითხვა.
„სწორად თუ მახსოვს, ეს არის ხალხი, რომელიც ზაფხულში საპროტესტო აქციებს აორგანიზებდა. გახსოვთ, ამხელა პროტესტი როგორ უკვალოდ დაშალეს? ამიტომ მათი დაცული ხმების არ მჯერა. არც მათ მიერ გამოვლენილი დიდი დარღვევების მჯერა, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ. მათი არ მჯერა, რადგან „ენჯეოების“ საქმიანობას რასაც ვუყურებ, ასიათასიანი აქცია დაშალეს. გაიხსენეთ გაზაფხულის პროტესტები, რაც არასწორი გადაწყვეტილებებით მიანელეს. ახლაც ზუსტად იმავეს ველოდები, ამ საქმეშიც იგივე იქნებიან, მაგრამ იქნებ ვცდები და გაგვიმართლოს, გამოუვიდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს. სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.