იაგო ხვიჩია - ძალიან მაკვირვებს, ოპოზიცია ამდენი ხანი რით ვერ დაწყვილდა, პირველად ხომ არ დგამენ ვიღაცასთან პოლიტიკური პარტნიორობის ნაბიჯს, ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით
მაკვირვებს და მაოცებს, ამდენი ხანი ოპოზიცია რით ვერ დაწყვილდა, პირველად რომ დგამდნენ ვიღაცასთან პოლიტიკური პარტნიორობის ნაბიჯს, რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ, ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი აბსურდულად გამოიყურება.
„ძალიან მაკვირვებს და მაოცებს, ამდენი ხანი ეს ხალხი რით ვერ დაწყვილდა. მათგან პოლიტიკურად ქალწული არავინ არ გახლავთ. გადაწყვეტილების მისაღებად ამდენს რას ფიქრობენ, რომ ერთი წელია, საშველი არ დააყენეს. უბრალოდ, ამ ამბავს ვერაფრით ვხსნი. ვფიქრობ, 8 ივლისს, 15-ში ან სექტემბერში ამ საქმეს ნათელი მოეფინება. ყოფილი „ნაცები“ როდესაც ამბობენ, მიშა არ გვინდაო, რა ჰქვია ამას? ვიღაც ამბობს, „ნაცებთან“ არ ვითანამშრომლებო მაშინ, როდესაც ორი წლის წინ „ნაცების“ მოადგილეობისთვის იბრძოდა. ყველაფერი იმდენად აბსურდულად გამოიყურება, მართლა ვერ ვხვდები, რა აქვთ დასაკარგი. პირველად რომ დგამდნენ ვიღაცასთან პოლიტიკური პარტნიორობის ნაბიჯს, რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ვინ ვისთან არ არის ნამყოფი და რა კონფიგურაციით. ახლა რატომ აუტყდათ ამასთან დაკავშირებით მღელვარებები და შფოთვები, ამას ვერაფრით ვხსნი. ასეთ დროს კი, როცა არაფერი იხსნება, იცით, რომ ყველგან „ქოცების“ ხელს ვხედავ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.