იაგო ხვიჩია - დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა, რაშიც აქამდეც არ ჩავრეულვართ და ახლაც არ ვაპირებთ ჩარევას
პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციას არ უერთდება.
ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა და ამ საქმეში ჩარევას არ აპირებენ.
„დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით, რადგან მიმაჩნია, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება არის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე და მათი აქცია. ამ საქმეში აქამდეც არ ჩავრეულვართ და ახლაც არ ვაპირებთ ჩარევას, თუმცა კოლეგებს წარმატებას ვუსურვებთ. მთავარი ამოცანაა იმაში, შეგიძლია თუ არა ხალხს დაანახო უსამართლობა, ამ იდეით აანთო და ქუჩაში გამოიყვანო. სკეპტიკური ვარ იმის მიმართ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გადათავისუფლებლად ქუჩაში გამოვიდეს. მით უმეტეს, მაშინ, როცა არ იცი, გამარჯვების შემთხვევაში, რა გელოდება და როგორ საქართველოში იცხოვრებ. ვიდრე ამას არ იტყვიან, ამ აქციაზე უფრო ნაკლები ადამიანი მივა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს რვა საათისთვის თავისუფლების მოედანზე აქცია დაანონსა.