იაგო ხვიჩია - დეოლიგარქიზაციის კანონის მომხრე არ ვართ, საერთოდ არ გვჭირდება დეოლიგარქიზაცია, ჩვენ გვჭირდება დეპოლარიზაცია
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, აპირებს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორებს ჰკითხოს, ვის აქვს მომეტებული პოლიტიკური გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
მისივე თქმით, „გირჩი“ დეოლიგარქიზაციის კანონის მომხრე არ არის, რადგან მიაჩნია, რომ საერთოდ არ არის საჭირო. როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, ქვეყანას დეპოლარიზაცია სჭირდება.
„ვაპირებ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითხვა დავუსვა, ვის აქვს საქართველოში მომეტებული პოლიტიკური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე და ვის წინააღმდეგ ვიღებთ კანონს. კონკრეტული სახელი და გვარი რომ ითქვას, რადგან პოლიტიკური სექტორი ერთმანეთს აბრალებს, ვის წინააღმდეგ იღებენ კანონს. ჩვენ არ ვართ ამ კანონის მომხრე და მიგვაჩნია, რომ საერთოდ არ გვჭირდება. დეოლიგარქიზაცია საერთოდ არ გვჭირდება, ჩვენ დეპოლარიზაცია გვჭირდება, რათა ერთმანეთთან საუბარი შევძლოთ. დეოლიგარქიზაციის ჩანაწერი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს სიტუაციის მეტად ესკალაციისთვის და დაპირისპირების გასაზრდელად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა იმის შესახებაც, რომ ოპოზიციის ნაწილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში არ მონაწილეობს.
„ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლებაც და მთავარი ოპოზიციაც რაღაცნაირად არის შეთქმული ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ერთი მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, ხოლო მეორე მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა არაფერზე გელაპარაკოს კონსენსუსის ენით და ცალმხრივად სცადოს ყველაფრის მიღება. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ იღებენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, რომელიც არავის არ სჭირდება და თავისი შინაარსით არც არავისზე არ ვრცელდება. ასეთი გაუგებრობები ხშირად მოხდება, როდესაც რეალურად, შენ არ გინდა არაფრის შესრულება და ამ ყველაფერს სხვის დასანახად აკეთებ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.