იაგო ხვიჩია - დასავლელ პარტნიორებთან საერთო ენა უნდა ვიპოვოთ და არა ჩასაფრებული პოზიციით ვიყოთ, მოუხედავად იმისა, რეზოლუციის ყველა პუნქტი მოგვეწონება თუ არა
იაგო ხვიჩია - დასავლელ პარტნიორებთან საერთო ენა უნდა ვიპოვოთ და არა ჩასაფრებული პოზიციით ვიყოთ, მოუხედავად იმისა, რეზოლუციის ყველა პუნქტი მოგვეწონება თუ არა

დასავლელ პარტნიორებთან საერთო ენა უნდა ვიპოვოთ და არა ის, რომ ჩასაფრებული პოზიციით ვიყოთ მოუხედავად იმისა, რეზოლუციის ყველა პუნქტი მოგვეწონება თუ არა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ რეზოლუციაში არსებული ჩანაწერი არ მოეწონა, თუმცა შალვა პაპუაშვილის წერილი ლოგიკაში არ ჯდება.

„ამ განცხადებაში არაფერი გამკვირვებია და მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, რეზოლუციაში არსებული ეს ჩანაწერი არ მოსწონებოდა, მაგრამ ეს ის ხალხია, ვისთანაც ცოტა ხანში დახმარების სათხოვნელად უნდა მივიდეთ, თქვენთან მიგვიღე-თქო და ამ ლოგიკაში ასეთი წერილი როგორ ჯდება, ეს არ მესმის. დავუშვათ, გავამტყუნეთ ევროპის საბჭო და იმათმა, გამტყუნებულებმა შემდეგ სტატუსი არ მოგვცეს, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ქართული პოლიტიკის გამარჯვება და ხეირია? – ამ ყველაფერს სხვანაირად უნდა ვუყურებდეთ და არა იმით, ვინ მტყუან-მართალია, რათა იქ მოვხვდეთ, რისკენაც მივისწრაფვით. დასავლელ პარტნიორებთან საერთო ენა უნდა ვიპოვოთ და არა ის, რომ ჩასაფრებული პოზიციით ვიყოთ მოუხედავად იმისა, რეზოლუციის ყველა პუნქტი მოგვეწონება თუ არა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართა.