იაგო ხვიჩია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირებისთვის „ქოცებმა“ არავის არაფერი სთხოვეს, შემდეგ კი სხვებს დაუწყეს დაბრალება
იაგო ხვიჩია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირებისთვის „ქოცებმა“ არავის არაფერი სთხოვეს, შემდეგ კი სხვებს დაუწყეს დაბრალება

პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სურდა, „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის დაინიცირების საკითხი ჩავარდნილიყო, რათა შემდეგ ეს ოპოზიციისთვის დაებრალებინა.

ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ თუ მათ მართლაც სურდა რეზოლუციის ინიცირება, მაშინ საჭირო ხმების მოსაგროვებლად უნდა ემუშავა.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქოცებმა“ რაღაცნაირად არაფერი გააკეთეს, არავინ შეაწუხეს, არავის არაფერი სთხოვეს და შემდეგ სათანადო ხმები რომ ვერ მიიღეს, სხვებს დაუწყეს დაბრალება. თუ ეს ხმები სჭირდებიდათ და ამაზე მართლა „ჩალიჩობდნენ“, კოლეგებს რატომ არ სთხოვეს ამაში დახმარება? უკრაინელებს ვერ სთხოვდნენ, მაგრამ „ნაცებთან“ რა პრობლემა იყო? მგონი, ეს სპეციალურად გააკეთეს, რათა შემდეგ ეყვირათ, მხარი არ დაგვიჭირეს „ნაცებმაო“. ევროპარლამენტარების კომენტარიც მოვისმინე, რომ „ქართული ოცნება“ არ მოსულა, არაფერი უთხოვია და ამ ყველაფერს როგორ გავიგებდითო. არ ვიცი, მოლდოვამ საიდან გაიგო, მაგრამ არც „ქართული ოცნებისგან“ გამიგია, რომ ვაშაძეს ველაპარაკეთ და უარი გვითხრა მხარდაჭერაზეო. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქოცებს“ უნდოდათ, ეს საკითხი ჩავარდნილიყო და სხვებისთვის დაებრალებინათ“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

„ქართულ ოცნებაში“ გუშინ განმარტეს, რომ „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება, რომ მათაც მოეწერათ ხელი რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ასევე, უკრაინას და მოლდოვას, შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და გამოხატავდა მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.