იაგო ხვიჩია - ცუდი მოსასმენია, როდესაც „ქართული ოცნება“ აშშ-ს, კელი დეგნანს აკრიტიკებს ისე, თითქოს ისინი „ნაცები“ იყვნენ და ამბობენ, 2012 წლამდე რას შვრებოდითო
ძალიან ცუდი მოსასმენია, როდესაც „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებს, კელი დეგნანს, აშშ-ის ადმინისტრაციას აკრიტიკებს ისე, თითქოს ისინი „ნაცები“ იყვნენ და ამბობენ, 2012 წლამდე რას შვრებოდით და ასე შემდეგ, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას.
„ზოგადად, ძალიან ცუდი მოსასმენია, როდესაც „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებს, კელი დეგნანს, აშშ-ის ადმინისტრაციას აკრიტიკებს ისე, თითქოს ისინი „ნაცები“ იყვნენ და ამბობენ, 2012 წლამდე რას შვრებოდით და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან სერიოზული და სასწრაფოდ გამოსასწორებელი ამბავი, თუ რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ასეთი პოლიტიკური ნება. თუ არადა, უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნებზე უნდა გავიდეთ ანტიამერიკული ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ 43 პროცენტი ვერ აიღონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის დანაყოფი და აღნიშნა: „სამწუხაროდ, არასოდეს მომისმენია არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც სამწუხაროა და არ არის სამართლიანი“.