იაგო ხვიჩია - ჩვენთვის არმოსაწონი საგნების და მისი რეკლამის აკრძალვა საბოლოო ჯამში, გამოხატვის თავისუფლების აკრძალვამდე მიგვიყვანს
იაგო ხვიჩია - ჩვენთვის არმოსაწონი საგნების და მისი რეკლამის აკრძალვა საბოლოო ჯამში, გამოხატვის თავისუფლების აკრძალვამდე მიგვიყვანს

ჩვენთვის არმოსაწონი საგნების და მისი რეკლამის აკრძალვა საბოლოო ჯამში, გამოხატვის თავისუფლების აკრძალვამდე მიგვიყვანს და უბრალოდ, საგიჟეთი იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ჯერ ეს უნდა გამოვიკვლიოთ, საჯაროდ რისი რეკლამა და გაკვრა შეიძლება, ვინმეს ჯანმრთელობას ხომ არ აყენებს ზიანს და ეს საკითხი ამის მერე უნდა გადავწყვიტოთ?! თუ იმაზეა საუბარი, რომ საზიანო პროდუქტის რეკლამა არ უნდა შეიძლებოდეს, შესაძლოა, მაგალითად, ბულემიის მქონე ადამიანისთვის საჭმლის რეკლამის ჩვენება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, მას საჭმელი მოუნდეს, ბევრი ჭამოს და ამან მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს, მაგრამ ამის გამო მაგალითად, „მაკდონალდსის“ რეკლამას ვერ ავკრძალავთ. ვიღაცისთვის შაქრიანი პროდუქტი არ შეიძლება, მაგრამ ძალიან უყვარს და დამოკიდებულია ამაზე. ვიღაცისთვის ყავიანი არ შეიძლება და რა ვქნათ ახლა, ყავის რეკლამა ავკრძალოთ?!“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, სამყაროში ბევრი რამეა ისეთი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის და ამიტომ, ყველაფრის რეკლამას ვერ ავკრძალავთ.

„ბევრი რამე არის ისეთი, რაც ზოგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგია, ზოგისთვის კი არც თუ ისე კარგი. ბევრია ისეთი, რაც ვიღაცისთვის კარგია, ვიღაცისთვის ცუდი და ა.შ. მაგალითად, კაზინოს რეკლამის აკრძალვაზე რომ ვამბობთ, ვიღაცას შემთხვევით, ბანერი არ მოხვდეს თვალშიო, ამ საუკუნეში რაზე უნდა ვზრუნავდეთ, ბავშვებს პირობითად ვასწავლიდეთ, კაზინო რა არის და რა ახატია იმ ბანერზე, რაზეც ბავშვი დაინტერესდა თუ ვუმალავდეთ ინფორმაციას კაზინოს და აზარტული თამაშების შესახებ?! მაშინ, როცა ჩვენ ეპოქაში ტელეფონთან, ან კომპიუტერთან რომ დავჯდებით, კაზინოების, აზარტული თამაშების, თუ სხვა რაღაცების ათასობით რეკლამა მოგვდის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია, როცა ადამიანი რაღაცაზეა დამოკიდებული, მაგრამ ადამიანი რომ რამეზე, მაგალითად, თამაშებზეა დამოკიდებული, ეს ადამიანის პრობლემაა და არა თამაშების.

„მე ეს ადამიანის პრობლემა მგონია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„გირჩის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ როცა აზარტული თამაშების, მისი რეკლამის და მსგავსი რაღაცების წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, მთავარი ამოსავალი ის არის, რომ ქვეყანაში ლუდომანიით დაავადებული ადამიანები არსებობენ, რაც არასწორი დამოკიდებულებაა.

„ეს არის დაავადება, რომელსაც პათოლოგიური სუბსტრაქტი არ აქვს. აი, ასეთი ტიპის დაავადებაა, რომელიც დაავადებად გამოაცხადეს. სინამდვილეში, ამ დაავადების ამ თემაში შომოტანა იმაში სჭირდებათ, რომ არსებობენ დაავადებული ადამიანები, რომლებსაც რაციონალურად ქცევის უნარი არ გააჩნიათ და ამიტომ, ეს ადამიანები უნდა შევზღუდოთ, უნდა ვუმკურნალოთ. ამ თემასთან დაავადების შემოტანა საერთოდ არაფერ შუაში არ არის, მაგრამ შემოაქვთ, რათა თქვან, რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დადიან, რაციონალურები, ჩვენნაირები არ არიან. ჩვენ ხომ რაციონალური გვგონია თავი და რაღაც რეკლამის ხომ არ გვეშინია?! „აჭარა ბეთის“ კი არა, რისი რეკლამაც არ უნდა ეხატოს, ჩემზე ხომ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს?! თუ მოახდენს, რაციონალურად დავფიქრდები და გადავწყვეტ, თამაში მინდა თუ არ მინდა, მაგრამ ეს ხომ ჩემი შეგნებული არჩევანი იქნება?! ასეთი არჩევანი ადამიანთა ალბათ, 99%-შია, მაგრამ აზარტული თამაშების აკრძალვის მომხრეებს ის ერთზე ნაკლები პროცენტი მოაქვთ, როდესაც ადამიანი რაღაცაზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა არ აქვს, რაზე და ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულება აი, ამ ფაქტმა გამოიწვია და ამიტომ, ეს უნდა ავკრძალოთ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, არ შეიძლება, იმ გამონაკლისი ერთი პროცენტის გამო, რომლებიც ვიღაცის აზრით ავადმყოფია, მისი აზრით კი უბრალოდ, აზარტული, დანარჩენ 99%-ს რაღაც საქმიანობა ავუკრძალოთ.

„ეს რაღაც საქმიანობა დღეს კაზინოს თამაშია, ხვალ შეიძლება, ალკოჰოლის მოხმარება იყოს და ზეგ სხვა რაღაც. ამით ვითომ, რაღაც სიკეთეს ვიცავთ, მაგრამ სინამდვილეში, არანაირ სიკეთეს არ ვიცავთ. სინამდვილეში, ვიგონებთ რაღაც დაავადებას, რათა ადამიანებს თავისუფლება შევუზღუდოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიამ ასევე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ჰომოსექსუალობაც ასეთ დაავადებად იყო მიჩნეული, როგორიც ლუდომანიაა.

„ლუდომანია არის დაავადება, რომელსაც შესაბამისი ნიშნები არ გააჩნია და არ შეგვიძლია, ლაბორატორიულად დავადგინოთ, ადამიანის ორგანიზმში რა შეიცვალა. ცოტა ხნის წინ, ასეთი დაავადება იყო მაგალითად, ჰომოსექსუალობაც, რაც კაცობრიობის სირცხვილია. ისინი დაავადებული ეგონათ და მკურნალობდნენ. ბოლოს და ბოლოს მეცნიერი გვყავს, ავანტურინგი, რომელმაც თავი მოიკლა. ის კანონის ძალით დაასაჭურისეს იმის გამო, რომ ჰომოსექსუალი იყო და ასე მკურნალობდნენ. ასეთი ტიპის დაავადება დღეს არის რაღაც რეესტრში, მაგრამ ხვალ შეიძლება, არ იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.