იაგო ხვიჩია - ჩვენი დაფინანსება საჯაროა, ინტერნეტში დევს და ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, არც ველოდებოდით, რომ ვიღაც გვეტყოდა, ფინანსებს მალავთო
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩის“ დაფინანსება საჯაროა და ამის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.
იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.
ხვიჩიას თქმით, ქვეყანაში ყველაზე გაუმჭვირვალე პარტიები „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან.
„ჩვენი დაფინანსება საჯაროა. ინტერნეტში დევს და ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი მისი დაფუძნების დღიდან დღემდე. შესაბამისად, ჩვენ არც ველოდებოდით, ვიღაც გვეტყოდა, რომ ფინანსებს ვმალავთ. ყველაფერი შეიძლება დაგვაბრალოს ვიღაცამ, მაგრამ ბევრი ფინანსები გვაქვს და თან ვმალავთ, ამას არ დავიბრალებთ. რაც შეეხება ნდობას, როგორ შეიძლება, სახელმწიფო მაკონტროლებელს ვენდობოდე ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ვიცი, რომ როგორც ერთი კაცი გადაწყვეტს, ყველაფერი ისე იქნება? თუ რამეს ვენდობი ყველაზე მეტად, ერთი კაცის კეთილ ნებას, და არ მინდა, ამაზე მიწევდეს ნდობა.
ზოგადად, გამჭვირვალობაში, როგორ შეიძლება, ცალკე აღებული რამე იყოს ცუდი, უბრალოდ, ყველაფრის გამჭვირვალობა ყოველთვის არ ვარგა. მაგრამ პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით ეს კითხვა, თავისთავად ცხადია, რომ არც დგას. ყველაზე გაუმჭვირვალე პარტია თუ ვინმე არსებობს ამ ქვეყანაში, არის „ქართული ოცნება“ და შემდეგ – „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მოქმედი და ყოფილი სახელისუფლო პარტიები. ეს ხალხი რომ სხვის გაუმჭვირვალობაზე საუბრობს, ცოტათი არასერიოზულად გამოიყურება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ დაფინანსებას არ ასაჯაროებენ.