იაგო ხვიჩია - ჩვენი აქციის მიზანია, რომ ერთხელ მაინც სწორად ჩამოყალიბდეს მოთხოვნა, ოპოზიციის აქციაში არ მოგვწონს მოთხოვნის ერთმანეთში გაბლარულობა
ჩვენი აქციის მიზანია, რომ ერთხელ მაინც სწორად ჩამოყალიბდეს მოთხოვნა, რადგან ჩვენ ოპოზიციის აქციაში არ მოგვწონს ამ მოთხოვნის ერთმანეთში გაბლარულობა. გაყალბებაზე საუბარი ნიშნავს, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა შეიქმნას კომისიები, უნდა გავიდეს დრო და ამასობაში მოვა გაზაფხული, ზაფხული, ოპოზიცია პარლამენტში შევა და დაიწყებს პარლამენტი ფუნქციონირებას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც „გირჩმა“ აქცია გამართა.
როგორც ხვიჩია აცხადებს, ეს გზა არ არის წარმატების გზა.
„რამე თუ გვინდა, უნდა გავაკეთოთ ახლავე და ვთქვათ, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რომელსაც არანაირი მტკიცება არ სჭირდება, არანაირი კომისია არ სჭირდება, მთელმა საქართველომ იცის. ამავდროულად, სრულიად საკმარისი მიზეზია, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ გვინდა, ამ მოთხოვნით დავაორგანიზოთ აქცია. თუ დავინახავთ, რომ მხარდაჭერა ექნება ამ მოთხოვნას, შეგვიძლია, გავაგრძელოთ, აქციები იქნება თუ სხვანაირი ბრძოლა. თუ დავინახავთ, რომ მხოლოდ „გირჩის“ მხარდამჭერები არიან ამ თემით დაინტერესებული, ჩვენ ამ ქოც-ნაცური ბრძოლიდან გამოსვლა გვინდა და გვინდა, გავაგრძელოთ სხვა ტიპის ცხოვრება, მაგრამ იმისთვის, რომ ამ არჩევნებზე ჩვენი მოთხოვნა სწორად დაგვეფიქსირებინა, საჭირო იყო აქციის ჩატარება“, – განაცხადა ხვიჩიამ.