იაგო ხვიჩია - ქართველ ხალხს არაფერი დაგვიშავებია ისეთი, რომ მთელი სამყაროსთვის ამ მძიმე დროს უკრაინის ელჩის გაწვევა იყოს ერთადერთი გამოსავალი
ჩვენ, ქართველ ხალხს არაფერი დაგვიშავებია ისეთი, რომ მთელი სამყაროსთვის ამ მძიმე დროს უკრაინის ელჩის გაწვევა იყოს ერთადერთი გამოსავალი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხისგან, თავისუფლებისთვის მებრძოლი პრეზიდენტისგან მხარდაჭერას იმსახურებს.
„ჩვენ ბევრჯერ ავჯანყებულვართ, ბევრჯერ დავმარცხებულვართ, ორჯერ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ რუსეთისგან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ქვეყანა ჩვენთვის ძალიან ცნობილია. მესმის, ომის დროს შეიძლება, ყველა გაღიზიანდეს რომელიმე დეპუტატის ან პრემიერ-მინისტრის და სხვადასხვა თანამდებობის პირის განცხადებებით, მაგრამ მინდა, ვთხოვო პრეზიდენტ ზელენსკის, ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფერი დაგვიშავებია ისეთი, რომ უკრაინისთვის, საქართველოსთვის მთელი სამყაროსთვის ამ მძიმე დროს, ელჩის გაწვევა იყოს ერთადერთი გამოსავალი.
მიუხედავად გაბრაზების, ემოციისა, მიუხედავად ბევრი არასწორი განცხადებისა, მიუხედავად ჩვენი ჩხუბისა, მაშინ, როდესაც ამის დრო არ არის, მინდა, ვთხოვო უკრაინის ხელისუფლებას, ნუ ჩააგდებენ საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ახლა, როდესაც ძალიან გჭირდება უკრაინელი ხალხის დახმარება, თანადგომა ისევე, როგორც პირიქით. ამ დარბაზში, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ უკრაინას ვგულშემატკივრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება, სრულიად სამართლიანად, ეშინია რუსეთის აგრესიის, მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ მხარდაჭერას თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხისგან, თავისუფლებისთვის მებრძოლი პრეზიდენტისგან. შეიძლება, არ ვიმსახურებთ დღევანდელი აწმყოს გამო, შეიძლება, უკეთესად უნდა მოვქცეულიყავით წინა დღეების განმავლობაში, მაგრამ ვიმსახურებთ ჩვენი წარსულის, ჩვენი წინაპრების გამო და ვიმსახურებთ იმ სისხლის გამო, რომელიც არანაკლებ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში, ვიდრე რომელიმე ქვეყანას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.