იაგო ხვიჩია - ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითისა და მარნეულის მოსახლეობის წინაშე, ვაკეშიც იყო ვირუსი, მაგრამ იქ ადამიანები არ ჩაგვიკეტავს
ერთ-ერთი მაგალითი, რითაც გამოჩნდება ჩემი განსხვავება წინა ან თუნდაც მომავალ სახალხო დამცველთან, არის კორონავირუსთან დაკავშრებული საკითხი, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიისას სახალხო დამცველის ინსტიტუტი სრულად ჩავარდა, როდესაც მთავრობას გატარებული შემზღუდველი ღონისძიებებისთვის მადლობას უხდიდა.
„ჩემი აზრით, ერთ-ერთი მაგალითი, რაც განსხვავებაა ჩემსა და წინა სახალხო დამცველს შორის ან ვთქვათ, მომავალ სახალხო დამცველს შორის, არის კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მოვიდა, როგორც პანდემია, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ასე არის ეს „გაპრავებული“ – აბა, რა უნდა გვექნა, არაფერი ვიცოდით კორონას შესახებ და უნდა შემოგვეღო შეზღუდვები. ლოგიკა, რომ არაფერი ვიცოდით და ამ დროს, როცა არაფერი ვიცით, გამოსავალი გვგონია ადამიანის უფლების შეზღუდვა, უკვე არასწორია. რისიც მჯერა და მწამს, არის ის, რომ როცა არაფერი იცი, ამ დროს არ შეიძლება, გამოსავლად, რეცეპტად მოიყვანო თავისუფლების შეზღუდვა საზოგადოებაზე. არ შეიძლება, ვინმემ ეს გააკეთოს, მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა გნიშნავენ ისეთ სპეციფიკურ თანამდებობაზე, სადაც თქვენი მთავარი მოვალეობა არის ადამიანის უფლებათა დაცვა, თქვენთან არაფერ შუაშია არც მედიცინა, არც რაღაც მსგავსი ტიპის სხვა არგუმენტები, რომლებიც ამ დროს გაისმის, რადგან თქვენ კონკრეტული რაღაცისთვის ხართ. მთავარ ექიმად არ ხართ დანიშნული, დანიშნული ხართ ადამიანის მთავარ უფლებადამცველად. ამ პერიოდში რა იყო ადამიანის მთავარი უფლება, რომელიც დაირღვა – ეჭვის საფუძველზე ადამიანების დაპატიმრება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა იყო კარანტინი, ეჭვის საფუძველზე რატომ ჩავსვით ციხეში ადამიანები, რომლებსაც ზუსტად, უეჭველად ვიცოდით, რომ დანაშაული არ ჰქონდათ, მაგრამ ეჭვი გვქონდა, შეიძლება, მათ სხეულში ყოფილიყო ვირუსი, ვირუსი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. წარმოიდგინეთ, უცნობი ვირუსი, რომელზეც არაფერი ვიცით, უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ეს ვირუსი აქვს და შეშინებული საზოგადოება, შეშინებული მართლმსაჯულების სისტემა, შეშინებული მედიცინა. ჩვენ გამოსავლად ვიპოვეთ ის, რომ ადამიანები წაგვეყვანა ციხეში, გამოგვეკეტა სახლში და საკუთარი უცოდინრობა ასე „გაგვეპრავებინა“.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრს შეიძლება, ეს ეპატიოს, მაგრამ სახალხო დამცველს – არა. როგორც მართლმსაჯულების სისტემები ჩავარდა სამყაროში ბევრგან, ჩვენთან სახალხო დამცველის ინსტიტუტი სრულად ჩავარდა მაშინ, როცა მთავრობას გატარებული შემზღუდველი ღონისძიებებისთვის მადლობას უხდიდა. ეს იქნებოდა განსხვავებული ჩემს შემთხვევაში. ადამიანის უფლებების არც ერთ შემზღუდველ ღონოსძიებას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ჩვენ არ ვიცოდით, სინამდვილეში, რას ვაკეთებდით ამ პერიოდში. არ დავუჭერდი მხარს ამ ყველაფრის, ვირუსთან ბრძოლის ომად გამოცხადებას და ავტომატებით დგომას რომელიღაც საზღვრებზე, სადაც ვთქვათ, ვირუსი გაუჩნდათ ადამიანებს და სხვაზე არ გადადებულიყო.
ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის, მარნეულის მოსახლეობის წინაშე. ვაკეში ადამიანები არ ჩაგვიკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეშიც იყო ვირუსი და აზრად არ მოგვსვლია ეს, მაგრამ ღვანკითი იქნებოდა, მარნეული, თუ არ ვცდები, ბორჯომი იყო კიდევ, იქ ჩვეულებრივად ვაკეთებდით ამას და ხმა არავის ამოუღია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.