იაგო ხვიჩია - ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს
თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა იყო თამარ ჟვანიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებული სწორი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს.
„მას არ უნდა იცნობდნენ აფერისტის სახელით და მის დანახვაზე ყველას არ უნდა ახსენდებოდეს, რომ ეს ხომ მართლა მოგვატყუებს. დანარჩენი – წინასწარი არანაირი განწყობა არ მაქვს. ვფიქრობ, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა იყო თამარ ჟვანიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებული სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.
პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.