იაგო ხვიჩია - ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა
ხელისუფლებას ეს ამბავი არ უნდა დავუკარგოთ, რადგან ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, – ამის შესახებ „პოლიტიკური მოძრაობა – გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა და აღნიშნულით „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
„თუ ბიძინა ივანიშვილი თანმიმდევრული იქნება და თავის დაპირებას ბოლომდე მიიყვანს, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. მინდა, ხელისუფლებას მხნეობა ეყოს და 2024 წელსაც იგივე იყოს, ნულოვანი ბარიერი, რასაც 2020-ში დაგვპირდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკური ძალის და პროცესზე გარედან დამკვირვებელი ყველა ადამიანის მოვალეობაა, ყველაფერი გააკეთოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ეს დაპირება უკან არ წაიღონ, ან გაფუჭებული სახით, სხვადასხვა ბარიერით არ შემოგვთავაზონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა, ბუნებრივი ბარიერით, საქართველოში პოლიტიკურ კულტურას შეცვლის იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტში საჭირო აღარ იქნება ის ხალხი, ვინც ხმას არ იღებს.
„შემოთავაზებულ სისტემაში უბრალოდ, არავის ექნება ფუფუნება, პარლამენტში სულელები შეიყვანოს, რადგან ამ შემთხვევაში, პოლიტიკური დებატის და მოლაპარაკების სხვა კულტურაა საჭირო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, თუ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან და იმას გააკეთებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო აღარ რჩებათ, რაზეც გრანტის აღება შეიძლება და ისინი სამსახურს კარგავენ.
„პროპორციულ სისტემაზე ხომ ვერავინ იტყოდა, არ ვარგაო?! ეს სიგიჟე იქნებოდა. ამიტომ იყო მოთხოვნა ბარიერზე. თუ იტყვი, რომ ბარიერი უნდა იყოს, ვიღაც ორ პროცენტს იტყვის, ვიღაც სამს, ვიღაც ხუთს და ვიღაც – შვიდს. ერდოღანს საერთოდ, ათი აქვს. მერე უკვე წავა ამის გარჩევა თავისი ტრენინგებით, სამუშაო შეხვედრებით, პარტიებთან ჩახუტებებით და ა.შ. თითქოს, ვეძებთ ლოგიკას, რამდენპროცენტიანი უნდა იყოს ბარიერი, მაგრამ გარდა ბუნებრივი ბარიერისა, ლოგიკა არცერთპროცენტიან ბარიერში არ არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, გაართულებს თუ არა პარლამენტის სიჭრელე მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან გადაწყვეტილებების მისაღებად, მას განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების და სტრატეგიების პარტიებთან მოუწევს თანამშრომლობა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს მთავრობის ეფექტურობაზე გავლენას არ იქონიებს.
„პროპორციული სისტემა ჩვენ გვჭირდება, რათა ერთმანეთთან ლაპარაკი ვისწავლოთ. მათ შორის – კრიზისული ვითარებების დროს. არ წარმომიდგენია, რომ პროპორციული არჩევნებით მივიღოთ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობასთან არ ითანამშრომლებს, ეს მთავრობა ვინც არ უნდა იყოს. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილთანაც კი ითანამშრომლებს, თუ დაინახავს, რომ მეორე მხარეს რუსეთია და პირიქით, ბიძინა ივანიშვილიც ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუ იქითა მხარეს პუტინი დაინახა. ამის მჯერა. ამიტომ, პროპორციული სისტემა ერთმანეთთან შეჯიბრების და ხელის გადაწევის პოლიტიკის ნაცვლად, ერთმანეთთან თანამშრომლობას გვასწავლის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.