იაგო ხვიჩია - არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო, დეტოქსიკაცია მხოლოდ არჩევნებს შეუძლია, დროებითი მთავრობა და სიგიჟეები ამის რეცეპტი ვერ იქნება
რეალური დეპოლარიზაციისთვის საჭირო არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელიც ახლა არსებობს, ამ პარლამენტით და ა.შ, საკმაოდ ტოქსიკური გახადა პოლიტიკური გარემო და ჩვენ ახლა რაღაცნაირი დეტოქსიკაცია გვჭირდება, რესტარტი, რაც თავისი შინაარსით მხოლოდ არჩევნებს შეუძლია. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი მე არ ვიცი. ასეთი ტიპის კრიზისების განმუხტვა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია. არანაირი დროებითი მთავრობა და არანაირი სიგიჟეები ამის რეცეპტი ვერ იქნება. ვინაიდან ამ ექვს თვეში არჩევნებს ვერ მოვასწრებთ, ეს ამწუთას წარმოუდგენლად ჩანს, გვჭირდება ის, რომ წინასწარ განვაცხადოთ, მომავალში როგორ არჩევნებს ჩავატარებთ, რომ ხმების მოპარვაზე არ ვართ ორიენტირებული და ვატარებთ პროპორციულ არჩევნებს ბუნებრივი ბარიერით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ეს არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ ამას შედეგი ექნება მერე, როცა არჩევნები ჩატარდება, მანამდე კი, ხვიჩიას განცხადებით, „კიდევ რაღაც გვჭირდება“.
„მანამდე რაღაც, რომელიც ყველაზე მკაფიო მესიჯია, რომ პოლარიზაციას, ერთმანეთთან ჩხუბს ვამთავრებთ, არის აწმყოში პოლარიზაციის მთავარი წყაროს, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფაქტისგან გათავისუფლება. ჩემი აზრით, თუ ამ ორივეს მივაწვდით ევროპელებს, ჩვენ კონსენსუსთან, პოლიტიკური პარტიების შეთანხმებასთან ერთად, მისასვლელი პირი გექნება, რომ ჩვენ რითაც შეგვეძლო, მაქსიმუმი გავაკეთეთ, ხომ იცით, რა დღეში ვიყავით და ამ პროცესს გადავაბიჯეთ. აი, ეს მგონია დეპოლარიზაციის რეალური და რაციონალური გზა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
„მე სააკაშვილის აზრი მაინტერესებდა იმასთან დაკავშირებით, როგორც ზოგიერთი მისი თანაგუნდელი თვლიდა, თვითონაც ასე ფიქრობს თუ არა, რომ პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა „ქართული ოცნების“ მოთხოვნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ „ქართულ ოცნებასთან“ კურკურებ, თუ ეს ის მოთხოვნაა, რომელიც ნორმალურ ოპოზიციას და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებს უნდა ჰქონდეთ ახლა. ეს თუ არ არის პრიორიტეტული საკითხი და ამაზე მართლა პოლიტიკურ ვაჭრობას თუ არ იწყებ, მაშინ იმის ძალა უნდა გქონდეს, რომ ძალით გამოიხსნა სააკაშვილი და ეს თუ არ შეგიძლია, საქმეს რატომ უფუჭებ ამ კაცს?! სავაჭროდ მაინც დაჯექი წესიერად, იქნებ, რამე ხეირიანი გამოივაჭრო ამ მნიშვნელოვან დროს, ექვსი თვის განმავლობაში. სააკაშვილს ამის საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვას, რა უნდა უთხრას „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, არის თუ არა ამ ამომრჩევლისთვის მესიჯი ის, რომ თუ ევროპაში უნდათ, სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს, იაგო ხვიჩიამ კითხვითვე უპასუხა – „თუნდაც, ასე რომ იყოს?“
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შეუძლია მიხეილ სააკაშვილს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მართოს და რა შთაბეჭდილება დარჩა მასთან შეხვედრისას, არის თუ არა მისი სიტყვა გადამწყვეტი პარტიაში, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ნებას წინ ვერ აღუდგება.
„იქ, შიგნით შეიძლება, ვიღაც იყოს, ვისაც ამ პროცესიდან გამორჩენა უნდა და შესაძლოა, ისარგებლოს იმით, რომ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ პარტიის მთავარი სიძლიერე არ არის ვიღაც პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაცას ლაპარაკობენ და ან აპროტესტებენ, ან არა. სახალხო მხარდაჭერა მათ არ აქვთ და შესაბამისად, პოლიტიკაში ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ისინი მიხეილ სააკაშვილის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. შეიძლება, სხვა მოსაზრებები ჰქონდეთ და სააკაშვილი არასწორ მხარეს გადაიყვანონ, მაგრამ მის მკაფიო მოსაზრებას მე მგონი, წინ ვერ აღუდგებიან. მიხეილ სააკაშვილმა მე პირადადაც მითხრა, რომ ამწუთას მენეჯმენტში ისე ვერ ერევა, არც აქვს პარტიის მართვის საშუალება და არც არის ჩართული. ამიტომ, მითხრა, რომ არის საკითხები, რაზეც „ნაცმოძრაობასთან“ არის სალაპარაკო. უბრალოდ, მას ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ მე ზოგად ფორმულას ვამბობ. ანუ, ზოგადად, ეს ისეთი ორი პუნქტია, რომელიც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის შესაძლებლობას, რაც ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ამ შანსს ხედავს.
„შანსს თუ ვერ ვხედავ, იქ არც ვთამაშობ, იქ საინტერესო არ არის. მე ამ შანსს ვხედავ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.