იაგო ხვიჩია - არსებობს ორი ოპოზიცია, „ნაცები“ და „გირჩი“, „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია, „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ - ხაზარაძე
საქართველოში სინამდვილეში სულ ორი ოპოზიციური პარტია არსებობს – „ნაცები“ და „გირჩი“. ყველა დანარჩენი „ნაცია“. „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, ქვეყანაში არსებობს სულ სამი პარტია – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.
„ოპოზიცია ჯერ ურთიერთქიშპობის ეტაპზეა და ნარჩევ „ნაცებს“ გუნდიდან უშვებენ, ნაცვლად იმისა, რომ ახალნაცობა შემოიკრიბონ, რაც არჩევნებისთვის სათანადო ფორმად ვერ ჩაითვლება. სინამდვილეში, ვარკვევთ, მართლა ვინ არის ოპოზიციონერი, რადგან „ნაცმოძრაობის“ ქმედებები, როცა პარტიიდან ძველ ღვაწლმოსილ ნაცებს უშვებენ და ახალს არ იმატებენ, არ ჩანს, როგორც ოპოზიციური ბრძოლა. გვაინტერესებს, „ნაცმოძრაობა“ შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს ოპოზიციურ პარტიად თუ ოპოზიციური პარტიის მხოლოდ გარეგნული ნიშნები აქვს? სინამდვილეში, სულ ორი ოპოზიცია არსებობს – „ნაცები“ და „გირჩი“. დანარჩენი ყველა „ნაცია“.
ჩემი თუ არ გჯერათ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ და ჰკითხეთ, რომელ პარტიაშია ნიკა გვარამია, ნიკა მელია. „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ სულ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია. რით განსხვავდებიან? სწორედ ამიტომ „ჩალიჩობდნენ“ ერთმანეთის მოადგილეობას. „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ – ხაზარაძე. თვისობრივად, ერთნაირი პარტიები არიან. საქართველოში სულ სამი პარტია არის – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“. სხვა დანარჩენი სატელიტია. ფაქტი უნდა მივიღოთ, თვალი უნდა გავახილოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემით არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.