იაგო ხვიჩია - არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა
ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა.
როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, ქვეყანამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვირუსთან ერთად არჩევნების ჩატარება ისწავლონ და სხვა ტიპის მმართველობის განხორციელებაც.
„ვფიქრობ, რომ გუშინ, არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა. მოსალოდნელი იყო ის, რაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“თქვა, რომ ოპოზიციას ეშინია არჩევნების და ამიტომ უნდათ, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ და ა.შ. თავად თქვეს, რომ არჩევნები არ გადაიდება. არ ვიცი, რომელი ოპოზიცია იგულისხმეს, ვინ აჰყვა ამას სერიოზულად და ვინ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციისთვის ინიციატივა არჩევნების გადადების შესახებ წამგებიანია. ეს ყველაფერი არის „ქოც-ნაცური“ კინკლაობის ამბები, რომელსაც დიდ ყურადღებას აღარ ვანიჭებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არასოდეს მთავრდება და სულ ერთნაირია. საქმეზე კი არ არის საუბარი, არამედ მეორე მხარის დამცირებაზე, ბულინგზე. იმდენი ხანია ეს ყველაფერი გრძელდება და იმდენად ერთფეროვნია, რომ ჩემთვის ცოტათი მოსაწყენიც კი გახდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.
ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.
„რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.