იაგო ხვიჩია - არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ღიად დაიწყო სანქციებზე საუბარი, „ქართული ოცნება“ არასწორი ქცევების გამო ისჯება
„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი იშრომა და იღვაწა, რათა სანქციები გამოემუშავებინა. შესაბამისად, კრამერი იქნებოდა თუ სხვა, „ქართული ოცნების“ გაუარესებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ სანქციებზე საუბარს დაიწყებდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას კითხვა დაუსვეს იან კელისა და დევიდ კრამერის სტატიაზე, სადაც ნათქვამია: „ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა უნდა დაუწესოს სანქციები ქვეყნის ოლიგარქებს“.
„არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ სანქციებზე საუბარი ღიად დაიწყო და არც ის, „ქართული ოცნება“ ამ სანქციებს თავისი მესიჯბოქსით დაუპირისპირდება და იტყვის, რომ ოპოზიციას ეხმარებიან. სინამდვილეში, არაპოლიტიკური და არასწორი ქცევების გამო ისჯებიან. ვერავინ იტყვის, რომ არ იცოდა, თუ ასე მოხდებოდა, რადგან ამდენი ხანია, ვაფრთხილებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.