იაგო ხვიჩია - არ ვიცი, ქოც-ნაცური ჩხუბი როგორ გაგრძელდება, მაგრამ ცოტა უხერხულია, ევროკავშირის სტატუსის მიღების დღეს ქვეყნის მთავრობას რუსი ეძახო
არ ვიცი, ქოც-ნაცური ჩხუბი როგორ გაგრძელდება, მაგრამ ცოტა უხერხულია, იმ დღეს, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის სტატუსი მიიღო, მთავრობას რუსი ეძახო, შეიძლება, ასეთი კამპანია მეორე დღიდან დაიწყო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური და მისალოცი ამბავი საქართველოსთვის.
„მადლობა არის სათქმელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რადგან, მგონი, საკმაოდ გულუხვად დაგვიწერეს ნიშნები იმ შესრულების ტემპთან მიმართებით, რაც ჩვენ რეკომენდაციების შესრულებისას გვქონდა. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, დეკემბრამდე მეტი ვერაფრის გაფუჭებას მოვახერხებთ და მშვიდობიანად ჩაივლის ეს ამბავი საქართველოში.
სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ დათქმებს და მთავარი დათქმა არის არჩევნების წესიერად ჩატარება, თორემ დანარჩენი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი, წარმოუდგენელი მეჩვენება, არჩევნებამდე შევასრულოთ. სუს-ის კონტროლის მექანიზმები მოძებნოს საქართველოს პარლამენტმა. ამ პარლამენტში დეპუტატებს სუს-ის აქეთ ეშინიათ, იქეთ კონტროლი კი არა. შესაბამისად, ვიდრე ახალი პარლამენტი არ გვეყოლება, მანამდე, უბრალოდ, წარმოუდგენელია საუბარი, რომ ეს დანარჩენი პუნქტები, იქ როგორიც არის, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლი და ასე შემდეგ, ამ პარლამენტის პირობებში იყოს შესაძლებელი.
არ ვიცი, ქოც-ნაცური ჩხუბი როგორ გაგრძელდება და რა ფაზებს მიიღებს სხვადასხვა დროს, ჩემგან ამის წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის სტატუსი მიიღო, მთავრობას რუსი ეძახო, ცოტა უხერხულია. შეიძლება, მეორე, მესამე დღიდან დაიწყო ისევ ასეთი კამპანია. „ქართული ოცნება“ გეტყვის, რომ დღეს მაინც მაცალე, აგერ სტატუსი, კარგად თუ ცუდად, ამის მიუხედავად, მე წარმოვადგენ და მგონია, ეს კვირა უნდა მოვერიდოთ მთავრობისთვის რუსის ძახილს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.